Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: ზვიაგინცევს "ხმის უფლება" არ აქვს ომის საკითხზე

ანდრეი ზვიაგინცევი კანის ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე
ანდრეი ზვიაგინცევი კანის ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე

კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ გადასცემს კინორეჟისორ ანდრეი ზვიაგინცევის სიტყვებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების აუცილებლობის თაობაზე. რეჟისორი ამ განცხადებით გამოვიდა კანის ფესტივალზე, მას მერე, რაც მისი ფილმი "მინოტავრი" გრან-პრით დაჯილდოვდა.

"შეხების ხაზის ორივე მხარეს მილიონობით ადამიანი ახლა ერთადერთ რაღაცაზე ოცნებობს - რომ ბოლოს და ბოლოს შეწყდეს ადამიანთა უსასრულო მკვლელობები. და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამ ხორცსაკეპის გაჩერება შეუძლია, ხართ თქვენ, რუსეთის ფედერაციის ბატონო პრეზიდენტო. დაასრულეთ ეს ხოცვა-ჟლეტა. მთელი მსოფლიო ამას ელოდება", - თქვა ზვიაგინცევმა. რეჟისორმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ პუტინი ინტერნეტს არ იყენებს და ალბათ პირდაპირ ეთერში არ უყურებდა კანში მიმდინარე ღონისძიებას.

პესკოვმა 25 მაისს განაცხადა, რომ ზვიაგინცევს "ხმის უფლება" არ აქვს, რადგან "არასოდეს გმობდა სისხლიან ხოცვა-ჟლეტას, რომელიც კიევის რეჟიმმა დონბასში მოაწყო". "2014 წლიდან - როცა ომი დაიწყო - აი, მაშინ რომ გაეკეთებინა ეს, შესაძლოა მას ჰქონოდა ხმის უფლება", - თქვა პესკოვმა და აღნიშნა, რომ ფილმი "მინოტავრი" არ უნახავს.

ზვიაგინცევის გამოსვლას დიდი რეზონანსი მოჰყვა - რეჟისორს ბევრი დაეთანხმა, ომის მომხრე რუსმა ბლოგერებმა მას "ღალატში" დასდეს ბრალი. კიდევ სხვებმა ზვიაგინცევი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ იგი არ გამოვიდა უკრაინის მხარდაჭერისკენ პირდაპირი მოწოდებით.

"მინოტავრი" ზვიაგინცევის პირველი ფილმია თითქმის 10 წლის განმავლობაში. რეჟისორი ავადმყოფობდა და მკურნალობის კურსს საზღვარგარეთ გადიოდა, ხოლო 2022 წელს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ფილმი ძირითადად რიგაშია გადაღებული, რუსულ ენაზე. ის საფრანგეთის, გერმანიისა და ლატვიის ერთობლივი პროდუქციაა.

გრან-პრი კანის ფესტივალზე მნიშვნელობით მეორე პრემიაა. მთავარი პრიზი, "ოქროს პალმა", რუსულ ფილმს მიღებული არ აქვს. საბჭოთა პერიოდში, 1958 წელს ამ პრიზით დაჯილდოვდა მიხეილ კალატოზიშვილის "მიფრინავენ წეროები".

ფორუმი

XS
SM
MD
LG