Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ერ-რიადს და კატარს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ "აბრაამის ხელშეკრულებებს"

დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში, 2025 წელი
დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში, 2025 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთს, კატარს და ახლო აღმოსავლეთის კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანას მოუწოდა შეუერთდნენ "აბრაამის ხელშეკრულებებს" - რომელიც მან დაუკავშირა რეგიონში ზოგად სამშვიდობო შეთანხმებებს, ამის ნაწილი უნდა გახდეს ირანთან შეთანხმებაც.

ტრამპი ამ განცხადებებით გამოვიდა სოციალური ქსელით Truth Social.

"აბრაამის ხელშეკრულებები" ეწოდება 2020-21 წლებში გაფორმებულ დოკუმენტებს ისრაელსა და ოთხ სახელმწიფოს შორის - ესენია არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, მაროკო და სუდანი. შეთანხმებების შედეგად ამ ქვეყნებმა - რომელთა მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია - ისრაელი აღიარეს. შემდგომში ხელშეკრულებებს შეუერთდა ყაზახეთიც, თუმცა ისრაელს ის მანამდეც აღიარებდა. ტრამპის ტექსტში ისრაელი ნახსენები არ არის და ბოლომდე არც ისაა ცხადი, კონკრეტულად რა ფორმით უნდა დაუკავშირდეს ირანთან ახლა მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება "აბრაამის ხელშეკრულებებს".

ტრამპმა ხელშეკრულებებთან შეერთებისკენ ასევე მოუწოდა პაკისტანს, თურქეთს, ეგვიპტესა და იორდანიას (პაკისტანის გარდა ეს სახელმწიფოები ისრაელს უკვე აღიარებენ), თუმცა განსაკუთრებულ აქცენტს აშშ-ის პრეზიდენტი სვამს კატარსა და საუდის არაბეთზე. ტრამპის თქმით, თუ ეს სახელმწიფოები ხელმოწერაზე უარს იტყვიან, მაშინ მათ არც ირანთან მოლაპარაკებების მხარეებად განიხილავენ. ტრამპი ამბობს, რომ შაბათ-კვირას კონტაქტი ჰქონდა ყველა ჩამოთვლილი ქვეყნის ლიდერებთან (ირანის გამოკლებით) და ამ თემას განიხილავდა.

თეირანთან მოლაპარაკებაზე ტრამპი წერს, რომ ის კარგად მიმდინარეობს და მათი შედეგების მიხედვით გარიგება ან გაფორმდება, ან არა. თუ გარიგება არ იქნება, აშშ ირანზე უფრო მასშტაბურ დარტყმებს განახორციელებს, ვიდრე მანამდე.

შუამავლების მეშვეობით მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესს ორივე მხარე ადასტურებს - თუმცა თავდაპირველი პროგნოზები, რომ დოკუმენტი უკვე კვირას გაფორმდებოდა, არ გამართლდა. ახლა ტრამპის ადმინისტრაციის წყაროები იმედს გამოთქვამენ, რომ შეთანხმება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 25 მაისს აცხადებდა, რომ მხარეებმა შეათანხმეს მემორანდუმის ბევრი პუნქტი, თუმცა მასზე ხელმოწერა "გარდაუვალი არ არის".

ფორუმი

XS
SM
MD
LG