Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Guardian-ი: საქართველოში „ტრამპ ტაუერი“ სანქცირებული ივანიშვილის შვილის მიწაზე აშენდება

ფოტო „გარდიანის“ ვებსაიტიდან
ფოტო „გარდიანის“ ვებსაიტიდან

ბრიტანული The Guardian-ი საქართველოში დაგეგმილ „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობასა და აშშ-ის მიერ სანქცირებულ ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე წერს. გამოცემა წერს, რომ ტრამპის ორგანიზაციასა და ივანიშვილის ოჯახს შორის კავშირები ახალ შეშფოთებას გამოიწვევს ინტერესთა პოტენციურ კონფლიქტთან დაკავშირებით.

„სანქციების რეჟიმის თანახმად, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ ბიზნესის წარმოება, გადახდების დამუშავება ან ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად მომსახურების გაწევა ავტორიზაციის გარეშე, მაგრამ არსებობს გამონაკლისი მის მიერ კონტროლირებად ბიზნესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია The Guardian-ის სტატიაში.

2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - აცხადებდა სახელმწიფო დეპარტამენტი.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, 20 აპრილს, რადიო თავისუფლებამ დაწერა „ტრამპ ტაუერის“ შესახებ. მათ შორის, ვინ ააშენებდა და სად აშენდებოდა. ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება „გარდიანმაც“.

რომელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობაში?

The Trump Organization-ის პარტნიორები გახდნენ და „ტრამპ ტაუერის“ პროექტში სხვადასხვა ფორმით ჩაერთვებიან ქართული კომპანიები: „არქი ჯგუფი“, „ბიოგრაფი ლივინგი“, „ბლოქსი ჯგუფი“, „ფინვესტ ჯორჯია“ და ამერიკული კომპანია: „The Sapir Organization“.

  • „არქის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის ბიზნესმენი ივლიანე (ილია) წულაია. ილია წულაია საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მილიონერი დეპუტატი იყო და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. წულაია თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია. მის პარტნიორებს შორისაა ყოფილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია; „არქი“ $50 მლნ-ის ინვესტიციით მაიამიშიც აშენებს საცხოვრებელ კორპუსს;
  • „ბიოგრაფი ლივინგი“ ბიზნესმენი ძმები ფხაკაძეების „ვისოლ ჯგუფის“ ნაწილია; ფორმალურად, 50-50%-იან წილებს ფლობენ „ველაჯიო“ (რომელსაც თავის მხრივ მალტაში რეგისტრირებული „გლობალ ინვესტორს ლიმიტედი“ ფლობს) და „რივერსაიდ ინვესტი“ (ფლობს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „თოლ თრეიდი“); „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორია ვასილ ფხაკაძე. ვასილ ფხაკაძე ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმისშვილია.
  • Sapir Organization ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც დონალდ ტრამპის ყოფილ პარტნიორს, ალექს საპირის ეკუთვნის. საპირი ტრამპის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ამბობს, რომ მისი გვარი ებრაულ-ქართული წარმომავლობისაა. The Trump Organization-ის ცნობით, „ტრამპ ტაუერ თბილისი“ The Sapir Organization-ის პირველი საერთაშორისო კომერციული განვითარება იქნება.

„საბოლოოდ, „ტრამპ ტაუერის“ პროექტის გარშემო შემოკრებილი ქართველი დეველოპერების ქონებებისა და კავშირების კვლევამ იპოდრომის რეკრეაციულ ზონამდე მიგვიყვანა. ძებნა გაამარტივა ჩანაწერმაც The Trump Organization-ის პრესრელიზში, რომ „პრესტიჟული მდებარეობა, ცენტრალურ პარკზე გადმოსახედით“, ცათამბჯენი კი 70-სართულიანი იქნება“, - წერია რადიო თავისუფლებაზე 20 აპრილს გამოქვეყნებულ მასალაში.

დიდი ალბათობით, სად აშენდება?

იპოდრომის ტყეში, მთავარი მოედნის მიმდებარედ უკვე დამტკიცებულია განაშენიანების გეგმა, რომლის მიხედვითაც იქ მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს. პროექტის თანახმად, ტყეში შვიდი შენობა აშენდება, მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 79-სართულიანი იქნება.

მშენებლობას შპს „ცენტრალ პარკ ავენიუ“ გეგმას. ეს კომპანია „ტრამპ ტაუერის“ პროექტის პარტნიორებს: „ვისოლ ჯგუფსა “და „ბიოგრაფ ლივინგის“ უკავშირდება.

„ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის სოსო ფხაკაძის ძმისშვილი და „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ფხაკაძეა, „ცენტრალ პარკ ავენიუს“ დირექტორიც.

შპს „ცენტრალ პარკ ავენიუ“, იპოდრომის ტერიტორიის ყიდვამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. ყიდვის ხელშეკრულება 85 მილიონი დოლარის გადახდის პირობით, 2023 წელს გაფორმდა.

ამის მიუხედავად, 2026 წლის აპრილისთვის, თამარაშვილის #13-ში 66 940 კვადრატული მეტრის მიწა ისევ "ქართუ ფონდის" საკუთრებაა, „ცენტრალ პარკ ავენიუ" კი მომავალ მესაკუთრედაა მითითებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG