Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა სამხედროებმა ირანის სამხრეთში რამდენიმე ობიექტს დაარტყეს

ფოტო არქივიდან. ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართული ამერიკული სამხედრო გემი
ფოტო არქივიდან. ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართული ამერიკული სამხედრო გემი

დროებითი ზავის მიუხედავად, ამერიკელმა სამხედროებმა ირანის სამხრეთში შეტევა მიიტანეს რამდენიმე ობიექტზე.

შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის(CENTCOM) ინფორმაციით, ირანის შეიარაღებული ძალებისგან მომდინარე საფრთხისგან თავის დასაცავად 25 მაისს დაარტყეს რაკეტების გამშვებ დანადგარებს და კატერებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის რაიონის დანაღმვას ცდილობდნენ.

ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა ტიმ ჰოკინსმა მედიას განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად სიფრთხილეს იჩენენ და ამასთან, იცავენ ამერიკულ ძალებსაც.

CENTCOM-ის განცხადებამდე სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ 25 მაისს აფეთქებები იყო ირანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბანდარ-აბასსა და ჰორმუზის სრუტის სანაპირო რაიონებში. ცნობა ბანდარ-აბასში აფეთქების შესახებ გაავრცელა ირანის სახელმწიფო მედიამაც, რომლის თანახმად, სიტუაცია კონტროლქვეშაა და მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი არ აქვს.

ტელეკომპანია Fox News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ჰორმუზის სრუტის დანაღმვის მცდელობისას გაანადგურეს ორი ირანული კატერი და ბანდარ-აბასში დაარტყეს სარაკეტო კომპლექსს, რომელიც ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების წინააღმდეგ იყო მიმართული.

აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7 აპრილიდან მოქმედებს. დროებითი ზავის გამოცხადების შემდეგ იყო რამდენიმე ინციდენტი, თუმცა მთლიანობაში რეჟიმი დაცულია.

დროებითი ზავი აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით გამოცხადდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 მაისს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. იმავე დღეს ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ ირანის გამდიდრებული ურანი ან დაუყოვნებლივ გადაეცემა აშშ-ს გასანადგურებლად, ან ირანში განადგურდება, ან - სხვა ადგილას ირანთან კოორდინაციით და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობით.

  • შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნის შესაძლებლობით გამოწვეული საფრთხე დაასახელეს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზეზად.
  • თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი მიზნები აქვს.

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების პროცესში არანაირი შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.







ფორუმი

XS
SM
MD
LG