Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი მილოცვებს იღებენ

საილუსტრაციო ფოტო: თვითმფრინავები ცაში ტოვებენ საქართველოს ეროვნული დროშის ფერების კვალს.
საილუსტრაციო ფოტო: თვითმფრინავები ცაში ტოვებენ საქართველოს ეროვნული დროშის ფერების კვალს.

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი მიხელ ყაველაშვილი მისალოც გზავნილებს იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგან.

ინფორმაციას ამის შესახებ მათი ადმინისტრაციები ავრცელებენ.

ილჰამ ალიევის მილოცვა

აზერბაიჯანელი ხალხისა და პირადად თავისი სახელით ირაკლი კობახიძესა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

წერილში ალიევი ხაზს უსვამს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ, ძმურ და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომლებიც მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგითა და თანამშრომლობით ვითარდება.

ალიევის თანახმად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების კარგი შესაძლებლობები არსებობს.

ალიევი ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

„სიამოვნებით ვიხსენებ აპრილში თქვენს მშვენიერ ქვეყანაში განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტს. მსურს გამოვთქვა რწმენა, რომ პრიორიტეტულ სფეროებზე ჩვენი გულწრფელი და ღია დიალოგის დროს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა და პრაქტიკული შედეგების მიღწევაში. ამჟამად, ხელსაყრელი პირობებია შექმნილი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ახალი შინაარსით გასამდიდრებლად და ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხებისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენებით შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ორმხრივი ინტერესების სფეროებში. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს ვუსურვებ ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

ნიკოლ ფაშინიანის მილოცვა

სომხეთის მთავრობისა და თავისი სახელით სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი კობახიძეს ულოცავს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს.

ფაშინიანი მისალოც ტექსტში წერს, რომ საქართველოსთან ძმური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

"სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო თქვენს ქვეყანას მშვიდობას და კეთილდღეობას”, - ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მისალოც წერილში.

რეჯეპ ტაიპ ერდოანის მილოცვა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თურქეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, კიდევ უფრო ღრმავდება.

მის ტექსტში ასევე ხაზგასმულია ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე გამართული შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

„პატივცემულო პრემიერო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გასულ თვეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე თქვენი ვიზიტისას მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ჩვენი მჭიდრო მეგობრობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურება ჩვენი ხალხების, რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებს. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს - კეთილდღეობას“, - ნათქვამია, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

ჩინეთის პრემიერის, ლი ციანის მილოცვა

პრემიერ კობახიძისადმი ჩინეთის პრემიერის, ლი ციანის მილოცვაში საუბარია ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე.

„გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. გამოვთქვამ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით გავაღრმაოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს - ბედნიერებას“, - ნათქვამია ლი ციანის მილოცვაში.

ხორვატიის პრემიერის მილოცვა

კობახიძეს და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი. მის მისალოც წერილში ნათქვამია, რომ ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

„ეს დღე წარმოაჩენს ქართველი ერის ურყევ ძალას, გამძლეობასა და მისწრაფებებს, რომელსაც უწყვეტ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილგანწყობილ ურთიერთობებსა და პროდუქტიულ თანამშრომლობას. დიალოგისა და ურთიერთპატივისცემისადმი ჩვენი ერთგულება ხელს უწყობს თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ხორვატიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა და პარტნიორობა კვლავაც გაღრმავდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და ჩვენს ფართო რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად“, - წერს ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი ორი ქვეყნის მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოსთან არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობას უსვამს ხაზს.

„ მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებასა და გაუმჯობესებაში საერთო ინტერესების სფეროებში, ხოლო მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში ხელს შევუწყობთ საერთაშორისო ინიციატივების კონტექსტში ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროპასა და აზიას შორის კავშირებს, შავი ზღვის ფართო რეგიონში უსაფრთხოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - ნათქვამია ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.

სერბეთის პრემიერის მოლოცვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სერბეთის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტი.

მისი წერილის თანახმად, სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის ყველა სფეროში ვითარდება.

„თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პროცესს. ჩემთვის დიდი პატივი იყო დუბაიში გლობალური მმართველობის სამიტზე თქვენთან შეხვედრა და საუბარი საერთო ინტერესის მრავალ თემაზე. მოუთმენლად ველი მომავალ შეხვედრებს, რომლებიც მიმართული იქნება სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ. ასევე, ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გამოვხატავ განსაკუთრებულ მადლიერებას საქართველოს მიერ სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. თქვენი ქვეყნის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჩვენებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების თანმიმდევრული პატივისცემის მიმართ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, - ნათქვამია სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

მილოცვებს იღებს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც.

მას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მილოცვა

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. უსურვებენ "ჯანმრთელობასა" და "ბედნიერებას", ხოლო საქართველოს მთავრობასა და მეგობარ ქართველ ხალხს უსურვებენ "წინსვლასა" და "კეთილდღეობას".

ბელგიის მეფე ფილიპის მილოცვა

მიხეილ ყაველაშვილისადმი გაგზავნილ წერილში ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"[მინდა] გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე ყველა თქვენს თანამემამულეს“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

ბოსნია და ჰერცეგოვინის მილოცვა

მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩი.

მისალოც წერილში დენის ბეჩიროვიჩი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

"ნება მომეცით, გულწრფელად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ თქვენი ქვეყნის ხანგრძლივი კეთილდღეობა.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვხატავ მტკიცე რწმენას, რომ, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი.

"თქვენო აღმატებულებავ, კორეის რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადავცე თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს.

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კორეა და საქართველო კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას, რაც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული.

მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას და თანამშრომლობის პერსპექტივების გაფართოებას, სხვადასხვა სფეროში მჭიდრო კომუნიკაციის გზით.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს ხანგრძლივი პროგრესისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობისა და ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის“,- სწერს კორეის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს.

დიდი ბრიტანეთის მეფის მილოცვა

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისადმი გაგზავნილ წერილში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III.

„მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის“, - ნათქვამია მისალოც წერილში.


საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელსაც 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. საბჭომ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

  • დღეს, 26 მაისს 17:10 საათზე, იმ დროს, როცა 108 წლის წინ ეროვნული საბჭოს სხდომის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
  • 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად ფიცს დადებენ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები. ცერემონია თბილისის თავისუფლების მოედანზე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 12 ადგილას გაიმართება.
  • დღის ბოლოს კი თბილისში გაიმართება ოპოზიციის ალიანსის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების" მმართველობის წინააღმდეგ.

საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და განაცხადა რომ აშშ დგას „ქართველი ხალხის გვერდით“.

განახლებადი

ფორუმი

XS
SM
MD
LG