Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სუვერენული, როგორც არასდროს“ - ლიდერების სიტყვები დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს საჰაერო ძალების სადემონსტრაციო ფრენა
საქართველოს საჰაერო ძალების სადემონსტრაციო ფრენა

2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად, ფიცი დადეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა. პოლიტიკურმა ლიდერებმა და პატრიარქმა შიო მესამემ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია თბილისის თავისუფლების მოედანზე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ადგილას გაიმართა.

ხელისუფლებამ წლევანდელი 26 მაისი დაუკავშირა 326 წელს - „ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს“ და დღევანდელი ღონისძიებების კონცეფცია ასე შეიმუშავა: „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.

პოლიტიკურმა ლიდერებმა და კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სიტყვით მიმართეს საზოგადოებას.

„მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“ - ყაველაშვილი

„დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ, როგორი იქნება საქართველოს მომავალი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვითა და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით“, - განაცხადა მან.

„გადავრჩით, რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები - სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა“, - თქვა მან.

ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად დამოუკიდებლობის დღეზე
ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად დამოუკიდებლობის დღეზე

ხაზი გაუსვა „ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში“ „დედაეკლესიის გარდამტეხ როლს“:

„წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ - ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან ჩვენი ისტორია და სარწმუნოება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს მუდამ უნდა ახსოვდეთ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მიაგონ მათ და „ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, განვითარებული საქართველოს შენება“.

„ილია მეორის ღვაწლი“ - შიო მესამე

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, 26 მაისი გამოხატავს „ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენისა და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის“.

„1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით, ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ურყევი ნება, ყოფილიყო დამოუკიდებელი, თავისუფალი და თავის აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი“, - განაცხადა მან.

„ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ჭეშმარიტებისკენ სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ ჭეშმარიტებამ განათავისუფლა იგი“, - თქვა პატრიარქმა.

ხაზი გაუსვა თავისი წინამორბედის, ილია მეორის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში:

„უმნიშვნელოვანესია ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი. მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იქცა ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთობის, ეროვნული ცნობიერების, ეკლესიისა და ქვეყნის, საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საყრდენად“, - განაცხადა მან.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს მან ახალგაზრდებს მიმართა, გაიაზრონ თავისუფლების არსი:

„ადამიანს შთააგონებენ, თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. სინამდვილეში, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა“, - თქვა მან.

„სუვერენული, როგორც არასოდეს“ - კობახიძე

„დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლისთავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.

გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე მანაც ისაუბრა და თქვა: „უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა“.

ქართული ეკლესიის ავტოკეფალია 1917 წელს აღდგა. ირაკლი კობახიძე, სავარაუდოდ, გულისხმობდა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ავტოკეფალიის ოფიციალურად ცნობას 1990 წლის 4 მარტს.

„ისევე, როგორც წმინდა ილია მართალმა, ილია II-მაც სამი სიტყვით გამოხატა უმთავრესი ღირებულებები, რომლებსაც თითოეული ქართველის თვითშეგნება უნდა ეფუძნებოდეს: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

„რომ არა უფლის მფარველობა და ქართველი ხალხის რწმენა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ, ისტორიის ეს სასწაული ვერ შედგებოდა“, - განაცხადა მან.

„ეს დღე ეკუთვნის ყველას“ - ჩიქოვანი

„ქართული მხედრობა მუდამ იყო საქართველოს ისტორიის თანაზიარი, თავდაცვის ძალები წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან ასევე თქვა, რომ „ჩვენი სამშობლო მის ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა“:

„ის ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ისინი აუცილებლად იქნებიან ჩვენი ძლიერი საერთო საამაყო მომავლის თანაშემოქმედნი“.

„ეს დღე ეკუთვნის ჩვენს მამაც პოლიციელებს, მეხანძრე მაშველებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ექიმებსა და ექთნებს, მეწარმეებს, ფერმერებს, მასწავლებლებს, საამაყო ხელოვანებსა და სპორტსმენებს, ღვაწლმოსილ უფროს თაობას, უნიჭიერეს ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ჩვენს ემიგრანტებს, საჯარო მოხელეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენელს, რადგან სწორედ მათი შრომა და მონდომება ქმნის საქართველოს ნათელ მომავალს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ბოლოს კი მიმართა მიხეილ ყაველაშვილსა და ირაკლი კობახიძეს:

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობით და პოლიტიკური გუნდის სიმტკიცით შევძლებთ დავიცავთ მამული, ენა და სარწმუნოება“.

ირაკლი ჩიქოვანი დამოუკიდებლობის დღეზე
ირაკლი ჩიქოვანი დამოუკიდებლობის დღეზე

პარალელურად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერი კობახიძე და მიხელ ყაველაშვილი მისალოც გზავნილებს იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგან.

საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და განაცხადა რომ აშშ დგას „ქართველი ხალხის გვერდით“.

დღის ბოლოს თბილისში გაიმართება ოპოზიციის ალიანსის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების" მმართველობის წინააღმდეგ.

  • 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელსაც 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდნენ.
  • საბჭომ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG