გაათავისუფლეს კარლოვი-ვარიში დაკავებული ჩეხეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). როგორც მიტროპოლიტის ტელეგრამის არხზე გავრცელებული ცნობიდან ირკვევა, მისთვის კონკრეტული ბრალდება არ წარუდგენიათ.
ილარიონი (ალფეევი) და მისი მძღოლი გათავისუფლდნენ დამატებითი შეზღუდვის გარეშე.
მიტროპოლიტი ილარიონი და მისი თანმხლები პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც კუთვნილი ავტომობილის საბარგულში თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი პატარა კონტეინერი აღმოაჩინეს.
მიტროპოლიტის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული ცნობით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ავტომანქანაში ნაპოვნი ნივთიერება აკრძალული ნივთიერებაა. ჩეხური მხარის თქმით, გამოძიება გაგრძელდება.
მიტროპოლიტის ადვოკატის განცხადებით, უპასუხოდაა დარჩენილი შეკითხვა, "როგორ აღმოჩნდა ეს კონტეინერები ავტომობილში". ისინი აქცენტს სვამენ იმაზე, რომ ავტომობილის ჩხრეკის საფუძველი გახდა ანონიმური შეტყობინება.
ჩეხეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ნარკოტიკებთან ყველა შესაძლო კავშირს გამორიცხავს. ის მომხდარის "დამოუკიდებელ და პროცედურულად უნაკლო გამოძიებას“ მოითხოვს.
ჩეხეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი მანამდე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიას ხელმძღვანელობდა და უნგრეთის მოქალაქეობაც მიიღო. მისი ეპარქიის მღვდლის, გეორგი სუზუკის სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ, ის მღვდლად გადაიყვანეს კარლოვი-ვარიში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში.
2025 წლის ნოემბერში მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ჩეხეთს შესაძლოა სანქციები დაეწესებინა მიტროპოლიტისთვის, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან სავარაუდო კავშირის გამო. ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება.
ფორუმი