Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს რუსი მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი საპატიო ორდენით დააჯილდოვა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, 2016 წლის 22 სექტემბერი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი საპატიო ორდენით დააჯილდოვა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, 2016 წლის 22 სექტემბერი.

ქალაქ კარლოვი-ვარიში დააკავეს ჩეხეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი).

სასულიერო პირის ტელეგრამის არხის მიხედვით, ავტომობილში, რომელშიც ის და მისი თანმხლები ოპერატორი იმყოფებოდნენ, საბარგულში თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი პატარა კონტეინერი აღმოაჩინეს.

"ნივთიერების შემადგენლობა, წარმოშობა და ბუნება მხოლოდ კომპეტენტურმა ექსპერტმა უნდა დაადგინოს. მიტროპოლიტი ილარიონი კატეგორიულად უარყოფს აკრძალული ნივთიერებების უკანონო შენახვაში რაიმე მონაწილეობას და ინციდენტს პროვოკაციად მიიჩნევს“, - ნათქვამია ილარიონის Telegram-არხიდან გავრცელებულ განცხადებაში.

ჩეხეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ნარკოტიკებთან ყველა შესაძლო კავშირს გამორიცხავს. ის მომხდარის "დამოუკიდებელ და პროცედურულად უნაკლო გამოძიებას“ მოითხოვს.

ის ასევე ამბობს, რომ ბოლო დროს იღებდა მუქარის შემცველ გზავნილებს, რასაც თავის საეკლესიო საქმიანობას უკავშირებდა.

ილარიონის (ალფეევის) ადვოკატის, მიხალ პაცოვსკის განცხადებით, „ავტომობილის გაჩერებისა და შემდგომი ჩხრეკის გარემოებები სერიოზულ კითხვებს ბადებს“.

მანამდე მიტროპოლიტი ილარიონი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიას ხელმძღვანელობდა და უნგრეთის მოქალაქეობაც მიიღო. მისი ეპარქიის მღვდლის, გეორგი სუზუკის სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ, ის მღვდლად გადაიყვანეს კარლოვი-ვარიში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში.

2025 წლის ნოემბერში მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ჩეხეთს შესაძლოა სანქციები დაეწესებინა მიტროპოლიტისთვის, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან სავარაუდო კავშირის გამო. ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება.

მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) და საქართველო

ალფეევი საქართველოში ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქის გასვენებაში ჩამოვიდა, როგორც ითქვა - რუსეთის ეკლესიის 80-წევრიანი დელეგაციის შემადგენლობაში. „ქართული ოცნების“ განაყოფის, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, დავით ქართველიშვილი, თავის ფეისბუკპოსტში [22 მარტი, 2026 წელი] ალფეევს აქებდა - როგორც საქართველოს გულშემატკივარს, ნიჭიერ დიპლომატს და არ გამორიცხავდა, რომ “თბილისური ვოიაჟი მეუფე ილარიონმა გამოიყენოს „ტუზ კოზირად“ პატრიარქ კირილესთან თავისი პოზიციების აღსადგენად, თუ დაარწმუნებს მას სამომავლოდ თავის წარმატებულ „მედიატორულ“ ფუნქციაში მოსკოვსა და თბილისს შორის, თუკი ამის საჭიროება დადგება მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორც საეკლესიო, ასევე საერო პოლიტიკის თვალსაზრისით”.

22 მარტს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, წირვა მიტროპოლიტმა შიომ ჩაატარა; ხოლო საგანგებოდ ჩამოსულმა მსოფლიო პატრიარქმა - ბართლომეოსმა - კათოლიკოს-პატრიარქს წესი აუგო.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებასთან კომენტარში "სიცრუე" უწოდა თეოლოგიურ წრეებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ იმჟამად მიტროპოლიტ შიოს (მუჯირის) პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევას წინ სწორედ ილარიონის (ალფეევის) ვიზიტი უძღოდა.

იმ დროს ალფეევი მიიჩნეოდა რუსეთის პატრიარქ კირილეს „მარჯვენა ხელად", იგი ეკლესიის საგარეო ურთიერთობებს განაგებდა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრადაც მოიხსენიებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG