Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-სთან დემონსტრანტები იკრიბებიან, პარლამენტის შესასვლელს კი პოლიცია ამაგრებს

პარლამენტის ეზოს ერთ-ერთი შესასვლელი.
პარლამენტის ეზოს ერთ-ერთი შესასვლელი.

დედაქალაქში, ჭავჭავაძის #1-ში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დემონსტრანტები იკრიბებიან. ოპოზიციური ალიანსის ორგანიზებით, ამ ადგილიდან პარლამენტამდე მსვლელობა უნდა მოეწყოს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო

რუსთაველის გამზირზე პოლიციაა მობილიზებული. მათ ოპოზიციონერებს არ მისცეს უფლება აქციისთვის საჭირო ატრიბუტები მიეტანათ. პოლიციელების ნაწილი პარლამენტის ჭიშკრის მიღმაა, ნაწილი კი, რომელსაც სახეები დაფარული აქვთ, რკინის ჭიშკრებს ამაგრებენ.

ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე ტექნიკის მიტანა დაახლოებით 15:00 საათისთვის სცადა.

„მანქანა ჩამოგვართვეს, სადაც იყო გახმოვანება. მოვიდნენ ეს ადამიანები [პოლიციის წარმომადგენლები] და ევაკუატორით წაიყვანეს“, - თქვა ალიანსის ერთ-ერთი წევრი პარტიის, „ახლის“ წარმომადგენელმა გიორგი პატარაიამ.

პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციონერები სიტყვით გამოსვლებს გეგმავენ.

24 მაისს გახდა ცნობილი, რომ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დედაქალაქში გასამართ დემონსტრაციასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა ალიანსმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღო. ოფიციალური განმარტების მიხედვით, მიზეზი ტექნიკური დეტალები გახდა.

შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ წერილი არ იყო კანონით დადგენილი წესით დაწერილი.

შსს-ს უარამდე, ალიანსმა უარი თბილისის მერიიდან მიიღო - ოპოზიცია ითხოვდა, მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას სცენის მოსაწყობად თანხმობა მიეცა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, 26 მაისს დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გამო ქუჩების ნაწილი გადაკეტილია, რაც იწვევს სხვა ქუჩების დატვირთვას. ამ მიზეზით, მათ პარლამენტთან „რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად“ მიაჩნიათ.

როგორც დღეს, 26 მაისს, უთხრა რუსთაველის გამზირზე მყოფ ჟურნალისტებს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ,

"როცა ხალხისგან დაიცლება [რუსთაველის გამზირი], სცენის მონტაჟი მოხდება ძალიან სწრაფად. არ მგონია, რომ რაიმე წინააღმდეგობაში იყოს ... პირდაპირ მოვალთ ტექნიკით, ჯერჯერობით ხალხია და ნამდვილად არ იქნება დაპირისპირება ხალხის ინტერესებთან", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG