Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ჰამასის სამხედრო ფრთის ახალ ლიდერზე განახორციელა თავდასხმა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. იერუსალიმი, 21 აპრილი, 2026.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. იერუსალიმი, 21 აპრილი, 2026.

ისრაელის არმიამ ღაზის ცენტრალურ რაიონში განახორციელა საჰაერო დარტყმა, რომლის სამიზნეც იყო რადიკალური დაჯგუფება ჰამასის სამხედრო ფრთის ახალი ხელმძღვანელი, მოჰამედ ოდეჰი. იერიშის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა სოციალურ მედიაში. არ არის ცნობილი, დაიღუპა თუ არა ოდეჰი თავდასხმის შედეგად.

ნეთანიაჰუს თქმით, ოდეჰი ერთი კვირის წინ დაინიშნა ჰამასის სამხედრო ფრთის ახალ მეთაურად. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა იზ ალ-დინ ალ-ჰადადი, რომელიც 15 მაისს მოკლეს. ოდეჰი ჰამასის დაზვერვას ხელმძღვანელობდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს. ჰამასის წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ ინციდენტზე კომენტარი. 18 მაისს საუდის არაბეთის გაზეთმა Asharq Al-Awsat-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოდეჰი მართლაც აირჩიეს ალ-ჰადადის შემცვლელად.

ადრე, 26 მაისს, ისრაელმა განაცხადა ლიბანში სახმელეთო ოპერაციების გაფართოების შესახებ.

ჰამასის სამხედრო ფრთის წინა ლიდერი, იზ ალ-დინ ალ-ჰადადი, მაისის შუა რიცხვებში მოკლეს ქალაქ ღაზარი ისრაელის წერტილოვანი დარტყმის შედეგად. სამხედროების ცნობით, ის საბრძოლო ფორმირებებს სათავეში ჩაუდგა 2025 წლის მაისში, მოჰამედ სინვარის გარდაცვალების შემდეგ.

ისრაელი ალ-ჰადადს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად ასახელებს და აცხადებს, რომ ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მძევლების დაცვის სისტემას.

ღაზაში ისრაელის ოპერაცია დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე პალესტინური დაჯგუფება ჰამასის თავდასხმის შემდეგ. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ჯიჰადისტებმა ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს და ღაზაში წაიყვანეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა მინიმუმ 74 ათასამდე პალესტინელი და 2 ათასზე მეტი ისრაელელი. ოპერაციის დაწყებიდან ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოკლულია ჰამასის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის იაჰია სინვარი, რომელსაც, 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორად და იდეოლოგად მიიჩნევენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG