Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ქართულ კომპანიებზე გამოძიება გრძელდება - ფინანსური პოლიცია

საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი
საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი

გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ სამ ქართულ კომპანიასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება კომპანიების, AIFORY - „ეიაიფორი“, ARVIX - „არვიქსი“ და RAPIRA - „რაპირა გრუპის" მიმართ. ამასთან, უწყების თანახმად, არცერთის საქმიანობის არეალი საქართველოს არ მოიცავდა.

სანქციების პაკეტში შევიდა საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რომლებიც კრიპტოგაცვლის პლატფორმებს იყენებენ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, სულ მცირე, 70 მილიონ დოლარს შეადგენდა.


რა დაადგინა გამოძიებამ

  • შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქსი“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.


ამ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს დაეკისრა 30-ათასლარიანი ჯარიმა და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

  • შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ rapira.net-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.


"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას ფინანსურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანული სანქციები

2026 წლის 26 მაისს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის დაწესებული სანქციების ობიექტების სია გააფართოვა - სანქციები დაუწესდა საქართველოში რეგისტრირებულ დამატებით სამ კომპანიას.

ბრიტანეთის თანახმად, სანქციები დაუწესდათ იმ კრიპტოკომპანიებსა და „უკანონო ფინანსურ ქსელებს“, რომლებსაც, ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, რუსეთი იყენებს დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

გაფართოებულ სიაში შეიყვანეს კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე პანამიდან და სალვადორიდან.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირებული ფირმები უკავშირდებიან რუსულ კრიპტოგაცვლის ქსელ A7 network-ს.

„ჩვენ ასევე მიზანში ამოვიღეთ სამი ქართული კომპანია, რომლებიც რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებზე ოპერირებენ და სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობენ“, - აცხადებს ბრიტანეთის მთავრობა.

„თუ კრემლი ფიქრობს, რომ ჩვენი სანქციებისგან თავის დაღწევას კრიპტოქსელებისა და ჩრდილოვანი ფინანსური სისტემების უკან დამალვით შეძლებს, ძალიან ცდება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა.

რომელია ეს კომპანიები?

ეს კომპანიებია:

  • AIFORY - „ეიაიფორი“: სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2023 წელს. მფლობელი იყო მოქალაქე გიორგი ნუცუბიძე, თუმცა 2024 წლის ბოლო ამონაწერით - მიხეილ გევორქიანი (საქართველოს მოქალაქე);
  • ARVIX-ი - „არვიქსი“: 2023 წელს რეგისტრირებული ფირმა; მფლობელია თამაზ გარაევი;
  • RAPIRA - „რაპირა გრუპი“: რეგისტრირებულია 2022 წელს, მესაკუთრედ მითითებულია ბრიტანეთის მოქალაქე ილიას აჰაევი. 2026 წლის 13 მაისს მან მიმართა სამეწარმეო რეესტრს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლის რეგისტრაციის მიზნით. შესაბამის ამონაწერში იგი „ლიკვიდატორად“ არის მოხსენიებული.

საქართველოს ეროვნულ ბანკს 39 სუბიექტი ჰყავს რეგისტრირებული, როგორც „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი“ (VASP).

არცერთი სანქცირებული კომპანია ამ რეესტრში არ არის.

რეესტრში არცერთ ამ ადამიანს სხვა ბიზნესი არ აქვს რეგისტრირებული საკუთარ სახელზე.

რას ნიშნავს ეს სანქციები

დღეს გასაჯაროებულ დასაბუთებაში ბრიტანეთის მთავრობა დაწესებულ სანქციებს ასე აზუსტებს:

„აქტივების გაყინვა, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, ინტერნეტის სერვისების სანქციები“.

ბოლო მითითება დამატებით ნიშნავს, რომ:

  • დიდი ბრიტანეთის საკრედიტო ან ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ სანქცირებულ პირთან საკორესპონდენტო საბანკო ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება და აღნიშნული პირისთვის, პირისგან ან მისი მეშვეობით გადახდების დამუშავება.
  • სოციალური მედიის სერვისებმა, ინტერნეტპროვაიდერებმა და app store-ებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები, რათა დიდ ბრიტანეთში მომხმარებლებს არ მისცენ წვდომა სანქცირებული პირის მიერ მოწოდებულ "კონტენტზე", საიტებზე ან აპლიკაციებზე.
  • რამდენიმე თვით ადრე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, 2026 წლის 22 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
  • „იმედი“ წინა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ 2026 წლის თებერვალში გაყიდა, დოკუმენტების თანახმად, „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად. ახალი მფლობელია ილია მიქელაიშვილი, - „იმედის“ 5 თანამშრომელთან ერთად.
  • "პოსტივის" 52%-იანი წილი „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერ ვიქტორ ჯაფარიძეს აქვს, ხოლო 24% - შალვა რამიშვილს. დანარჩენ 24%-ს თემურ ჭარელაშვილი ფლობს.

მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ მწვავე კრიტიკით უპასუხა დიდი ბრიტანეთის მთავრობას.

პოლიტიკური შეფასებები სანქციების გაფართოებაზე

სამი ქართული კომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით მედიის შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა 27 მაისს თქვა, რომ "იმიტომ მიაკვლია ბრიტანეთმა [ამ კომპანიებს], ჩვენმა საგამოძიებო უწყებებმა რომ მიაკვლიეს".

ბრიტანეთის მიერ სხვა ქართული კომპანიების დასანქცირების გამო კრიტიკისგან განსხვავებით, ამჯერად პაპუაშვილმა თქვა, რომ "როდესაც არის სამართლიანი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები, იქ ქართული გადაწყვეტილებებიც არის ხოლმე. იქ, სადაც დაემთხვევა, ის იქნება სამართლიანი, სადაც არ დაემთხვევა, ეს იქნება უსამართლო".


ფორუმი

XS
SM
MD
LG