განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება ირწმუნება, რომ სასკოლო ფორმების სავალდებულოდ ქცევა ემსახურება "განათლების სისტემაში თანასწორობის, დისციპლინისა და ერთიანი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფას, ასევე მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას," მათი დროულად შესყიდვა კი სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ატარებს.
"შესაბამისი შესყიდვის ორგანიზება უზრუნველყოფს ხარისხისა და უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტის დაცვას; ფორმების ხელმისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით; ფასების რეგულირებასა და სტაბილურობას", - წერს სახელმწიფო უწყება, რომელმაც სასკოლო ფორმებით მოსწავლეები სწავლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე უნდა უზრუნველყოს.
თუკი თავდაპირველი ვერსიით, სასკოლო ფორმები ორ ეტაპად უნდა შესყიდულიყო, ტანსაცმლის 30% - 31 ივლისამდე და დარჩენილი 70% - 20 აგვისტომდე, ახლა სახელმწიფო მზადაა, უფრო მეტი თანხის გადახდის მიუხედავად, სამ ეტაპად დაყოს სასკოლო ფორმების კერვის პროცესი.
განახლებული გრაფიკის მიხედვით:
- პირველ ეტაპზე, 15 ივნისიდან 25 აგვისტომდე, იკერება 301 000 ფორმა;
- მეორე ეტაპზე, 15 ოქტომბრამდე, სახელმწიფო შეისყიდის 600 000 ფორმას;
- მესამე ეტაპზე კი, 30 ნოემბრამდე, შეიკერება ყველაზე მეტი, 900 000 ფორმა.
სასკოლო ფორმების შემოღება "ქართული ოცნების" "განათლების რეფორმის" ნაწილია - ამ ცვლილებით, ფორმა სავალდებულოა პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებისთვის.
ფორუმი