Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრები, რომლებსაც შვილები კერძო სკოლებში დაჰყავთ


რადიო თავისუფლებამ შეისწავლა „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის წევრთა დეკლარაციები, იმის გასარკვევად, ვის დაჰყავს შვილი საჯარო სკოლაში.
რადიო თავისუფლებამ შეისწავლა „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის წევრთა დეკლარაციები, იმის გასარკვევად, ვის დაჰყავს შვილი საჯარო სკოლაში.

დეკემბრის დასაწყისში „ქართული ოცნების“ მთავრობამ წარადგინა ზოგადი განათლების რეფორმა, რომელიც ძირითადად საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეეხება, ანუ ათიათასობით ბავშვსა და მათ მშობლებს.

ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილი რეფორმის მიხედვით:

  • სასწავლო პროცესში აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება;
  • პირველიდან მეექვსე კლასამდე ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება;
  • 2026 წლიდან სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ;
  • პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს შემოიღებენ წესს - საცხოვრებელთან ახლოს რეგისტრაცია;
  • მე-12 კლასი სავალდებულო აღარ იქნება - კლასები შეიქმნება მოთხოვნის შემთხვევაში;
  • მე-11 კლასის „პროფილურად“ გადაკეთება - მოსწავლე ისწავლის იმ საგნებს, რომლებსაც გამოცდაზე ჩააბარებს;
  • სახელმძღვანელოებს სამინისტრო დაწერს - სტანდარტი იქნება: „ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში“.

განათლების რეფორმა მინისტრმა გივი მიქანაძემ წარადგინა. მას სამი შვილი ჰყავს, აქედან სასკოლო ასაკის მხოლოდ ერთია.

შეეხებათ თუ არა ცვლილებები მინისტრების შვილებს, რომლებსაც რეფორმა მოსწონთ? - რადიო თავისუფლებამ შეისწავლა „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის წევრთა დეკლარაციები, იმის გასარკვევად, ვის დაჰყავს შვილი საჯარო სკოლაში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კაბინეტი, მისი ჩათვლით, 15 მინისტრით არის დაკომპლექტებული. მათგან სასკოლო ასაკის შვილი/შვილები 10-ს ჰყავს, უმრავლესობა - შვიდი მინისტრი, განათლების ხარჯებად ათასობით ლარს უთითებს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ შვილები კერძო სკოლებში დაჰყავთ.

  1. მინისტრთა კაბინეტში ყველაზე ბევრს შვილების განათლებაში ირაკლი კობახიძე ხარჯავს. 2025 წლის 30 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ორი შვილის განათლებაში გასულ წელს 38 347 ლარი დახარჯა;
  2. 20 794 ლარი გადაიხადა გასულ წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შვილის სკოლაში;
  3. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს ორი შვილის განათლება 2024 წელს 14 040 ლარი დაუჯდა;
  4. იმავე პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამი შვილის სწავლაში 18 195 ლარი გადაიხადა;
  5. მინისტრთა კაბინეტში შვილის განათლება ყველაზე იაფი ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს დაუჯდა - მან 2024 წელს 5025 ლარი გადაიხადა;
  6. დეკლარაციაში შვილის განათლების ხარჯის შესახებ მონაცემები ჯერ შეტანილი არ აქვს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მან შვილი კერძო სკოლაში წელს გადაიყვანა;
  7. დეკლარაციის შევსების დროს, 2024 წლის 27 დეკემბერს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის უფროსი შვილები 16 და 17 წლის იყვნენ - მათ განათლებაში 15 000 ლარი 3 000 ლარი დაიხარჯა. სპორტის სამინისტროს პრესსამსახურს ვთხოვეთ დაგვხმარებოდა დაგვეზუსტებინა, ეს იყო სასკოლო განათლებაში გადახდილი თანხა თუ არა. პასუხი არ მიგვიღია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პაატა სალიას შვილი წლების განმავლობაში დაჰყავდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში. მოზარდი ამ სკოლის მოსწავლე აღარ არის, თუმცა სად აგრძელებს სწავლას, ჩვენთვის უცნობია.

დეკლარაციაში შვილების განათლების ხარჯები მითითებული არ აქვთ განათლების მინისტრ გივი მიქანაძესა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს. ჩიქოვანის ცოლი, დიანა ჟღენტი პოლონეთში საქართველოს ელჩია. რადიო თავისუფლების კითხვები უპასუხოდ დატოვეს განათლების და თავდაცვის სამინისტროებშიც.

სამინისტროების პრესსამსახურებს ასევე ვთხოვეთ მინისტრების კომენტარი, რატომ არჩიეს საჯარო სკოლას კერძო? პასუხი არც ამ შემთხვევაში მიგვიღია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG