სწორედ რუბიოს ერევანში ვიზიტით და ამერიკასა და სომხეთს შორის გაფორმებული მინერალების ხელშეკრულებით იწყება სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმის, რამდენად სერიოზულად უყურებს თეთრი სახლი სამხრეთ კავკასიას.
"თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღებას ერთი ბრმა წერტილი აქვს. შეერთებული შტატების ოდესღაც მტკიცე მოკავშირე რეგიონში — საქართველო — სულ უფრო მეტად ანტიამერიკულ მიმართულებას იღებს. მისი მთავრობა, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს, წლების განმავლობაში ღიად ეფლირტავებოდა რუსეთს საკუთარი დასავლური კავშირების ხარჯზე. ნაკლებად ცნობილია ისიც, რომ იგი ამავდროულად ირანთან კავშირებსაც ამყარებდა", - ნათქვამია სტატიაში, სადაც ნახსენებია ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ალ მუსტაფას უნივერსიტეტის საქართველოში მოქმედი ფილიალები და საქველმოქმედო ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც საქართველოს შიიტ მოსახლეობაზე გავლენის მოსაპოვებლად ფუნქციონირებს.
"ამ ფლირტის შედეგები უკვე აშკარაა" - წერია სტატიაში, რომლის ნაწილიც არის საქართველოს იმ მოქალაქეების ისტორიები, ვინც საბერძნეთში, შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში ირანის სასარგებლოს ჯაშუშად მუშაობის ბრალდებით დააკავეს.
"მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გამაგრებაზე მუშაობს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო დერეფნის გახსნას გულისხმობს, საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის მოპოვებას ცდილობს.
წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოვიდა ირანის საელჩოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავს მიეძღვნა.
რატომ უნდა შეუწყოს ხელი ტრამპის ადმინისტრაციამ სულ უფრო ავტორიტარულ საქართველოს მთავრობას, თუ მანამდე არ დაინახავდა მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც აჩვენებს, რომ თბილისს შეუძლია უფრო კონსტრუქციული როლის შესრულება, ვიდრე ბოლო წლებში ჰქონდა?" - წერს WP-ი და იქვე განმარტავს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო უფლებების აღდგენა და პროდასავლური საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიების დასრულება იქნება ნიშანი თბილისში მნიშვნელოვანი ცვლილებების. ამ ცვლილებების ნაწილი უნდა იყოს პროირანული ქსელების დაშლაც, რომლის გარეშეც შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობის აღდგენა შეუძლებელი იქნება.
ამერიკული გამოცემის სარედაქციო წერილს თბილისიდან გამოეხმაურა როგორც ირაკლი კობახიძე, ისე შალვა პაპუაშვილი.
"ახალი პატარა ტალღაა წამოსული, ქართველ ხალხზე თავდასხმის, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის. ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა", - თქვა 27 მაისს ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში ახლად რეაბილიტირებული სკოლის გახსნის შემდეგ მედიასთან საუბრისას და დაამატა, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუკი სახელმწიფოს სამართლებრივი რეაგირებაც ექნებოდა.
"ყოველი ანტიქართული სტატიის უკან დიდი ფული იმალება. ასე რომ, ეს კიდევ ერთი ლობისტური პროდუქტია, რომელიც შემდეგ ლობისტების ანგარიშებში აღმოჩნდება ხოლმე”, - ეს უკვე სადავო პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებაა ამერიკული გამოცემის ერთგვერდიან სტატიაზე. მან ამავე განცხადებაში ახსენა გიორგი კანდელაკი, ჰადსონის ინსტიტუტისთვის მომზადებული კვლევის თანაავტორი ლუ კოფთან ერთად და მას საქართველოს #1 მოღალატე უწოდა.
საქართველოში ირანის მზარდ გავლენებზე მიანიშნებს როგორც ოფიციალური სტატისტიკა, ასევე ღია წყაროებში მოპოვებადი ინფორმაცია ირანული ორგანიზაციების წარმომადგენლობების შესახებ.
2025 წლის მონაცემებით, ფიქციურ მისამართებზე ასობით ირანული კომპანიაა საქართველოში რეგისტრირებული, ქართული დიპლომატია ირანის საელჩოსთან მჭიდრო კონტაქტშია, თავად ირანის ელჩი კი ულტიმატუმებით ელაპარაკება ოფიციალურ თბილისს და ოფიციალური თეირანის დეზინფორმაციული ნარატივების გასავრცელებლად სპეციალურ ღონისძიებებსაც აორგანიზებს.
ირანის საქართველოში მზარდ გავლენებზე გააქტიურებული საუბრის ფონია ერთი მხრივ ქართული ოცნების წევრების გახშირებული ვიზიტები თეირანში და მეორე მხრივ შეერთებული შტატების და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციები ირანში.
ფორუმი