Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამძიმრის წიგნი და ნოტა ირანის საელჩოს შენობაზე - ელჩი თეირანის გზავნილებს ავრცელებს, თბილისი დუმს

თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე გამოკრულია ბანერი ნოტით - მასში დაღუპულ "ირანელ ქართველებს" შორის არის "გუშაგთა კორპუსის" ფერეიდნელი მაიორი, ჰასან ხუციშვილი.
თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე გამოკრულია ბანერი ნოტით - მასში დაღუპულ "ირანელ ქართველებს" შორის არის "გუშაგთა კორპუსის" ფერეიდნელი მაიორი, ჰასან ხუციშვილი.

“ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კარი დღესაც გავაღეთ, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად პატივი მიაგოს წარმოშობით ქართველი ირანელებისა და სხვათა ხსოვნას, რომლებიც თავდასხმებსა და აგრესიას ემსხვერპლნენ”, - წერს 3 აპრილს ფეისბუკზე ირანის ელჩი საქართველოში, ალი სეიდ მოჯანი.

ირანის საელჩოსთან განსაკუთრებული ხალხმრავლობა არ ჩანს, ფასადზე გამოკრულია დიდი თეთრი ბანერი, რომელზეც ქართულ ენაზე დიპლომატიური ნოტის ტექსტია გადატანილი.

ამ ტექსტიდან ირკვევა, რომ ირანის საელჩო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით მიმართავს და „აქვს პატივი აცნობოს“, რომ "2026 წლის 26 მარტს ისპაფანის ჰაფთუნის რაიონში" “აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის დროს” დაიღუპა 10 „ირანელი ქართველი“.

„ნოტა“. „არაოფიციალური თარგმანი“ - მითითებულია ბანერზე.
„ნოტა“. „არაოფიციალური თარგმანი“ - მითითებულია ბანერზე.

საელჩო სამინისტროს ატყობინებს, რომ მათი „ხსოვნის უკვდავსაყოფად“ 3 აპრილს გაიხსნება სამძიმრის წიგნი და სამინისტროს სთხოვს, რომ დაეხმაროს ამ ცნობის გავრცელებაში: „მადლობელი დაგრჩებით, თუ აღნიშნული ინფორმაცია გადაეგზავნება შესაბამისს უწყებებს“, - წერია ტექსტის ბოლოს.

მანამდე კი ჩამოთვლილია ამ ადამიანების გვარები და სახელები: მოჰამედ ხუციშვილი, ფათემე ბარათაშვილი, ჰასან ხუციშვილი, მარიამ მასაელი, რეიჰანე ხუციშვილი, მოჰამედ თაჰა ხუციშვილი, ამირყოლი ასლანიშვილი, ყადამხეირ ონიკაშვილი, ბეჰდი ასლანიშვილი, მიბანა სეფიაშვილი.

სანამ ისპაანში დაღუპული ეთნიკური ქართველების სია საელჩოს ფასადზე გამოკრულ ბანერზე გამოჩნდებოდა, ეს გვარები და სახელები ინტერნეტში, მათ შორის ირანის ხელისუფლების მხარდასაჭერ პროპაგანდისტულ და არაავტორიზებულ არხებზე გადაიცემოდა, როგორც მაგალითი ირანში “ამერიკისა და ისრაელის მხრიდან ჩადენილი სისასტიკისა”. ირანში ომში მოკლულ ქართველებზე 29 მარტის შემდეგ სოციალურ ქსელებში წერს ირანის ელჩიც.

საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც 2 აპრილს ირანის ელჩთან შეხვედრა გაიმართა, არ პასუხობენ რადიო თავისუფლების კითხვას, რას ეხებოდა შეხვედრა, რომელზეც ალი სეიდ მოჯანმა დაწერა, რომ ინიციატორი თავად იყო.

საელჩომ უპასუხოდ დატოვა კითხვა იმის შესახებაც, აპირებდნენ თუ არა ელჩის დაბარებას მას შემდეგ, რაც მან “ოცნების” პრემიერ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შემდეგ ფეისბუკზე დაწერა, რომ “ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს აუბეს მხარი, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ.”

საგარეო საქმეთა სამინისტროს არც ის არ უცნობებია საზოგადოებისთვის, რომ ირანის ელჩმა მათ ნოტით მიმართა და ინფორმაციის გავრცელება სთხოვა.

ამ სტატიაში ვყვებით, როგორ პასუხობს ქართული დიპლომატია ირანის ეროვნული ინტერესების დაცვის ძალისხმევას და ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ იკვეთება საქართველოსა და ირანის ეროვნული ინტერესები. აქვე აღვწერთ, რა მოხდა 26 მარტს ისპაანში, რასაც 23 ადამიანის, მათ შორის ეთნიკურად ქართველების სიცოცხლე ემსხვერპლა.

30 მარტს ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და ირაკლი კობახიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ირანის საელჩო რამდენიმე განცხადებას აქვეყნებს.

31 მარტს ელჩის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რეგიონული კრიზისის შედეგებისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული” და ის ქვეყნები, რომლებიც “უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს.”

„ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებია. ირანის ელჩი ლაპარაკობდა თავისი ქვეყნის პოზიციაზე, რომ ვინც ჩაერია მის საწინააღმდეგოდ, ისინი პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან. ეს მას რომც არ განეცხადებინა, ვიცით. ყოველდღე ვუყურებთ საუდის არაბეთს და გაერთიანებულ ემირატებს როგორ ესვრიან რაკეტებს. მას რომ გაეკეთებინა ეს განცხადება ქართულ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაგირება იქნებოდა. მან უბრალოდ გამოხატა თავისი ქვეყნის პოზიცია და დამოკიდებულება, რომ ის ქვეყნები, ვინც ასე გააკეთებენ, პოლიტიკურ ფასს უკვე იხდიან, მომავალში კი არ გადაიხდიან, უკვე იხდიან. ეს ფაქტია და ამას ვუყურებთ”, - უთხრა ჟურნალისტებს 2 აპრილს "ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.

შარმანაშვილთან შედარებით სადავო არ გაუხდია ეკა სეფაშვილს "ოცნების" სატელიტი პარტია “ხალხის ძალიდან” ის, რომ ირანის ელჩის განცხადება მუქარად ჟღერდა და დიპლომატის უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა.

„ირანის ელჩის განცხადება, რა თქმა უნდა, არ არის, ასე ვთქვათ, იმ ფარგლებში, რაც უნდა იყოს ჩვეულებრივი დიპლომატის უფლება-მოვალეობების ფარგლებში, [ფარგლებს] რა თქმა უნდა, ცდება. მისი მუქარა, ცოტა არ იყოს, უადგილოდ ჟღერს. თუმცა, მეორე მხრივ, გავითვალისწინოთ ისიც, რომ მისი ქვეყანა საშინელ ომში არის ჩართული და შეიძლება ეს რაღაც ნერვებმა უმტყუნა“, - თქვა მან 3 აპრილს.

“ეს არის პირდაპირი მუქარა, პირდაპირი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, სუვერენიტეტის ხელყოფა და რა თქმა უნდა, ასეთი განცხადების უფლება საქართველოში არც ერთ დიპლომატს არ გააჩნია.

ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი განცხადების გამკეთებელ დიპლომატს აუცილებლად მოუწევდა ახსნა-განმარტების მიცემა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რის შემდეგაც შესაბამისი საგარეო უწყება გაავრცელებდა ინფორმაციას და ეს მოხდებოდა განცხადების გაკეთებიდან მაქსიმუმ 12 საათში. ამას გააკეთებდა ნებისმიერი სახელმწიფო, სომალიც კი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დიპლომატი გიგი გიგიაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.

გიგი გიგიაძის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგარეო უწყებას წინა წლებში არაერთხელ ჰყავს დაბარებული უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა თუ ევროკავშირის ელჩები ახსნა-განმარტებებისთვის, ირანის ელჩის დაუბარებლობით ორმაგი სტანდარტი აჩვენა და არ არის გამორიცხული, ირანის ელჩისთვის წინასწარ ყოფილიყო ცხადი, რომ მისი ამ შინაარსის განცხადება რეაგირების გარეშე დარჩებოდა.

“ამაზე თვალის დახუჭვა და რეაგირების გარეშე დატოვება არის ძალიან თვალნათელი დადასტურება იმის, რომ ეს რეჟიმი არის სრულიად ანტიდასავლური“, - ამბობს გიგიაძე.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ზარიდან მესამე და ელჩის განცხადებიდან მეორე დღეს, 1 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამშტაინის ბაზიდან აფრენილი ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი დაეშვა. როგორც წესი, ამ ხომალდებით გადააქვთ ჰუმანიტარული დახმარება და სამხედრო ტექნიკა, გადაჰყავთ ჯარისკაცები.

მარკო რუბიოს ზარს კობახიძესთან წინ უსწრებდა ცნობები იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა შეერთებულ შტატებს სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე.

ამერიკული თვითმფრინავის გამოჩენამ თბილისის აეროპორტში ირანში მიმდინარე ომის პარალელურად, გიორგი შაიშმელაშვილს, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს და დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია “თავისუფლების მოედნის” წევრს, გაახსენა ის ძალისხმევა, რასაც საქართველო წლების წინ სწევდა თავის ტერიტორიაზე ამერიკელების სამხედრო ყოფნის გასაზრდელად.

“ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული პარტნიორები ვიყავით ამერიკისთვის, იქნებოდა ეს ავღანეთში, ნატოს პროგრამებში თუ სხვა ფორმით - ეს იყო პოტენციალი იმისთვის, რომ ამერიკელების სამხედრო ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე გამხდარიყო მუდმივი. ამერიკელების სამხედრო ყოფნას ნებისმიერ ქვეყანაში, უსაფრთხოების გარდა, ეკონომიკური მიმზიდველობის ზრდაც მოჰყვება.

სახელმწიფოებრიობა რისკიანი საქმეა, მაგრამ თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო გინდა [გქონდეს], ხანდახან ისეთი რისკებიც უნდა აწიო, რომ ისეთი პარტნიორები გყავდეს და ისეთი შესაძლებლობები გაიჩინო, რომ ვიღაც ელჩმა ასეთი დამამცირებელი ფორმით არ გელაპარაკოს, რასაც ვუყურებთ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ამერიკელებისთვის ეს მნიშვნელოვანი ომია და ამ ომში ვინ გიდგას გვერდით და რა ფორმით, ამას ომის მერეც ექნება მნიშვნელობა შემდგომი პარტნიორობებისთვის”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი შაიშმელაშვილი, რომელიც თვლის, რომ ბოლო დღეებში ირანის ელჩის უპასუხოდ დატოვებულმა სიტყვებმა სახელმწიფოს მხრიდან, ერთდროულად გამოაჩინა საგარეო პოლიტიკის სისუსტეები და ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიის არარსებობა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2 აპრილს გამართული შეხვედრის შესახებ სამინისტრო დუმს, ინფორმაციას კი ისევ ირანის ელჩი ავრცელებს.

“მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ირანის ელჩმა, რომლის თქმითაც, საუბარი შეხვედრაზე იყო კონსტრუქციული და შეეხებოდა “სპარსეთის ყურის ვითარებას, ენერგეტიკის მომავალს და ორი ერის მრავალათასწლოვან მეგობრულ ურთიერთობებს.”

“გეოგრაფიამ და ისტორიამ ჩვენი ბედი ერთმანეთთან დააკავშირა”, - ეს ფრაზაც ირანის ელჩს ეკუთვნის და იმ სტატუსიდანაა, რომლითაც მან საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, სამი თვეა ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველა ჭირში თქვენთან ერთად ვიყავი, ახლა კი გთხოვთ, საელჩოში მოხვიდეთ და სამძიმრის წიგნში დააფიქსიროთ თქვენი მწუხარება ირანში ომის მსხვერპლი ფერეიდნელი ქართველების გამოო.

“ეს პირდაპირ პროპაგანდაა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო ცდილობს საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენოს იმ ადამიანების სიკვდილი, რომლებიც თავად ამ რეჟიმის მიერ იყვნენ იდეოლოგიურად „მოწამლულნი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის, “ფერეიდნიდან საქართველომდე” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გვიყვება, რომ ჰასან ხუციშვილი, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" წევრი, რომელიც ირანის საელჩოზე გამოკრულ ათეულში მესამეა, დრონების სამიზნედაც იმის გამო იქცა, რომ გვარდიის საჰაერო ძალებს წარმოადგენდა.

ჰასან ხუციშვილი ირანულ წყაროებში ჰასან ხუდსიანის გვარ-სახელით იძებნება და სამგლოვიარო პოსტერებზე, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა, იხსენიება, როგორც “მაღალი ღირსების მოწამე, ირანის რევოლუციური გვარდიის მაიორი, ამერიკულ-სიონისტური დანაშაულების ველზე დაღუპული წმინდანი”.

ამავე ბანერზე ახალგაზრდა კაცის ფოტოს ქვემოთ მიწერილია ხუთი გვარი და სახელი, რომლებიც, სავარაუდოდ, მისი ოჯახის წევრები და ასევე დაღუპულები არიან.
ამავე ბანერზე ახალგაზრდა კაცის ფოტოს ქვემოთ მიწერილია ხუთი გვარი და სახელი, რომლებიც, სავარაუდოდ, მისი ოჯახის წევრები და ასევე დაღუპულები არიან.

აქ ნახსენები ხუთი ადამიანი მეორდება ირანის საელჩოს ბანერზე ჩამოთვლილი გარდაცვლილების სიაშიც. ქართულ ვერსიაში ისინი, ვინც ირანში ხუდსიანის გვარს ატარებს, ხუციშვილის გვარით არის შეტანილი, ფატემე ბარათი კი ფათემე ბარათაშვილად იწოდება. უცვლელად არის მარიამ მასაელი.

რადიო თავისუფლების ფერეიდნელი წყაროს მონაყოლით, ირანის რევოლუციური გვარდიის მაიორი ჰასან ხუციშვილი სარაკეტო ბაზაზე დაჭრის შემდეგ, უსაფრთხო ადგილის ძებნაში, ისპაანში, ჰაფტუნის უბანში, მამისეულ სახლში მივიდა ესკორტის თანხლებით, სადაც რამდენიმე საათში, ღამის სამ საათზე, ის და მისი თანმხლები ოჯახის წევრები ახალ სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლნენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ამ ღამეს ისპაანში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საჰაერო თავდასხმისას. ისლამურმა სახელმწიფომ ყველა მოწამედ გამოაცხადა.

იმ დღეს, როცა ისრაელისა და ამერიკის სარეკეტო თავდასხმამ ჰასან ხუციშვილი და მისი ახლობლები იმსხვერპლა ისპაანში, ასევე დაიღუპა ირანის ბირთვულ პროგრამაში ჩართული მკვლევარი ცოლთან ერთად, ბასიჯის საველე მეთაური, თავდაცვის სამინისტროს ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ბირთვული პროგრამის ზედამხედველობა ევალებოდა.

“როგორც ყველგან, რა თქმა უნდა, ირანშიც არიან ადამიანები, მათ შორის ეთნიკურად ქართველები, ვინც რეჟიმს ემსახურება და ირანში დღეს იმაზე მარტივი არაფერია, ვიდრე "გუშაგთა კორპუსის" წევრობა. ეს კაცი, ვინც ახლა დაიღუპა, წლებია აღარ ჩანდა და როგორც გაირკვა, "გუშაგთა კორპუსში" მსახურობდა”, - გვეუბნება ის და გვახსენებს, რომ თუ ფერეიდნელი ქართველების მსხვერპლზეა საუბარი, კიდევ უფრო მეტი ეთნიკურად ქართველი იანვრის თვეში დაიღუპა, ანტისამთავრობო გამოსვლებისას, რომლებიც ისლამურმა სახელმწიფომ სისხლში ჩაახშო.

  • 2026 წლის 28 თებერვალს ირანს ჯერ ისრაელმა დაარტყა; რამდენიმე საათში კი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო. მან ასევე თქვა, რომ თეირანის “ტერორისტულ რეჟიმს აღარასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!”
  • სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის ხანგრძლივი და უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ავითარებდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG