ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ფაშინიანს უწოდებს „დიდ მეგობარს და ლიდერს“, რომელიც ზრუნავს, რომ საკუთარი ქვეყანა ძლიერი, მდიდარი და უსაფრთხო იყოს და სრულად იზიარებს მის ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ სომხეთისა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
პრეზიდენტ ტრამპის თანახმად, მალე აშშ და სომხეთი ერთად შეუდგებიან „ტრამპის გზას“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, რომელიც სამხრეთ კავკასიას გარდაქმნის და ამერიკულ ენერგოკომპანიებს დაეხმარება, ჰქონდეთ წვდომა შუა აზიიდან შეერთებულ შტატებამდე.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს 2026 წლის 7 ივნისის არჩევნების შედეგად ნიკოლ ფაშინიანის ახალი ვადით არჩევას.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მხარდამჭერი პოსტის გამოქვეყნება დაემთხვა 28 მაისს. 1918 წლის 28 მაისს სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტისას გაფორმდა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის „ტრამპის მარშრუტთან“ (TRIPP) დაკავშირებული სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმება“.
- TRIPP-ი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე.
- ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს და პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.
- დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.
- საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-ს შეჩერებული აქვს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად ევროკავშირში ინტეგრაციის კურსი აირჩია, რაც მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს.
რუსეთიდან სომხეთს პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგებით ემუქრებიან.
ფორუმი