რუსეთის სამთავრობო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგორესურსების „საიმედო მიმწოდებელია“, განსაკუთრებით პარტნიორებისთვის.
თუმცა, მისი თქმითვე, ერევნისთვის გაზის მოქმედი, „შეღავათიანი“ ფასი შესაძლოა საბაზრო ფასს გაუთანაბრდეს, - ანუ გაძვირდეს, - თუკი სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებას გადაწყვეტს.
იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრებისათვის „ასეთი [პრივილეგირებული] რეჟიმი შეუძლებელია“ და „ჩვენმა მეგობრებმა ერევანში ეს ძალიან კარგად იციან“.
- სომხეთის სამთავრობო სააგენტო „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთი რუსეთისგან 177, 55 აშშ დოლარად ყიდულობს ათას კუბურ მეტრ გაზს;
- ხოლო ევროპისთვის იმავე მოცულობის ფასი 633 აშშ დოლარს აღწევს.
ასეთ შემთხვევაში სომხეთი კუხოს „დატოვებს“
ერევანში პესკოვის ამ განცხადებისთვის ჯერ არ უპასუხიათ, თუმცა სომხეთის პარლამენტის სპიკერს, ალენ სიმონიანს, აპრილში მსგავს ინიციატივაზე პასუხი უკვე გაცემული აქვს.
მისი თქმით, თუ რუსეთი გაზრდის გაზის ფასს, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს.
ეს მან განაცხადა 4 აპრილს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ახსენა გაზის „შეღავათიანი ტარიფი“.
კრემლი „აფასებს“ ოპოზიციის მიდგომებს
დმიტრი პესკოვმა კრემლში 25 მაისს გამართულ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა სომხეთის ოპოზიციაზე და თქვა, რომ მოსკოვი აფასებს მათს მიდგომებს:
„ჩვენ ვიცით, რომ სომხეთში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც სრულად უჭერენ მხარს რუსეთის განვითარების ვექტორს და ორიენტირებულნი არიან რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციის პროცესებში უფრო ღრმა მონაწილეობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ ამ მიდგომას. ჩვენ ამას არ ვმალავთ“.
პესკოვმა ასევე თქვა, რომ „რუსეთი და სომხეთი, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები, მეგობრებად რჩებიან და დიალოგს ინარჩუნებენ“.
„ფლიდობა“
გასულ კვირას რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკა და „არაკეთილსინდისიერებასა“ და „ფლიდობაში“, ასევე „რუსეთის ფედერაციის მიმართ არამეგობრული პოლიტიკის გატარებასა და ჩვენი ქვეყნის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების ცინიკურად გამოყენებაში“ დაადანაშაულა.
ევროკავშირთან სომხეთის დაახლოებით უკმაყოფილო მოსკოვი ერევანს ბოლო პერიოდში აქტიურად აფრთხილებს, რომ მისი ნაბიჯები რუსეთ-სომხეთის „სამოკავშირეო ურთიერთობების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“ და მათი „სისტემური ცვლილებების რისკის შემცველია“.
სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტიდან რამდენიმე დღეში, 9 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ერევანმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განსაზღვროს, ევროკავშირის წევრობა სურს თუ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის.
მისი თქმითვე, „ლოგიკური იქნებოდა“ სომხეთში რეფერენდუმის ჩატარება და ამის შესაბამისად გამოიტანდნენ დასკვნებს „რბილი, ინტელიგენტური განქორწინების" შესახებ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პასუხი იყო, რომ რეფერენდუმის აუცილებლობა ამჟამად არ არსებობს და რომ სომხეთი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს „ქორწინებაში“ არ ურევს.
ფაშინიანის თქმითვე, სანამ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულფასოვანი წევრია, სრულად მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ფორუმი