რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ კონსტანცაში რუსეთის გენერალური კონსული, ანდრეი კოსილიკი, პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული და გენერალური საკონსულო იხურება.
29 მაისის ღამეს ქალაქ გალაცში დრონი შეეჯახა საცხოვრებელი სახლის სახურავს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, ეს იყო რუსეთის "გერან-2" ტიპის დრონი. ინციდენტის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი - დედა და ვაჟი. კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს ქვეყნის ჩრდილოეთში, მარამურეშში.
Europa FM-ი წერს, რომ დანმა მომხდარს უწოდა "სერიოზული ინციდენტი". ამასთან, მან გააკრიტიკა რამდენიმე რუმინელი პოლიტიკოსი, რომლებიც, მისი სიტყვებით, "რუსეთის გამართლებას ცდილობენ".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გენერალური საკონსულოს დახურვის შესახებ რუმინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე რუსეთის რეაქცია "არ დააყოვნებს".
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ მომხდარს უწოდა "სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან". რუმინეთმა ინფორმაცია მიაწოდა ნატოს გენერალურ მდივანს და "მოითხოვა ზომების გატარება, რათა დაჩქარდეს რუმინეთისთვის დრონების საწინააღმდეგო საშუალებების გადაცემა".
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი ვლადიმირ ლიპაევი.
მანამდე რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო 45-ზე მეტჯერ იუწყებოდა რუსეთის დრონებზე, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე შეფრინდა ან ჩამოვარდა - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეტევებისას. თუმცა ბოლო ინციდენტი არის პირველი შემთხვევა, როცა დრონი შეიჭრა მჭიდროდ დასახლებულ რაიონში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავება გამოიწვია.
ფორუმი