დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა უკრაინის წინააღმდეგ ღამის განმავლობაში წარმოებული თავდასხმისას და საცხოვრებელ სახლს მოხვდა მდინარე დუნაისთან მდებარე ქალაქ გალაცში - აცხადებს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო 29 მაისს. სამინისტროს ცნობით, შეჯახებამ გამოიწვია ხანძარი, მოქმედებაში მოვიდა მაშველების და უსაფრთხოების რამდენიმე უწყება.
რუმინეთი აცხადებს, რომ შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, მსუბუქად დაშავდა, სულ მცირე, ორი ადამიანი.
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ კონსტანცაში რუსეთის გენერალური კონსული, ანდრეი კოსილიკი, პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული და გენერალური საკონსულო იხურება.
"ეს ინციდენტი წარმოადგენს სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას რუსეთის ფედერაციის მხრიდან", - წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ტოიუ პლატფორმა X-ზე.
"რუსეთის ფედერაციას ეკისრება პირდაპირი პასუხისმგებლობა ამ მძიმე და უპასუხისმგებლო ქმედებებზე", - დასძენს ის.
რუმინეთმა ინფორმაცია მიაწოდა ნატოს გენერალურ მდივანს და მოითხოვა ზომების გატარება, რათა დაჩქარდეს რუმინეთისთვის დრონების საწინააღმდეგო საშუალებების გადაცემა.
ინციდენტს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე. "რუსეთის თავზეხელაღებული ქცევა საფრთხეა ყველა ჩვენგანისთვის", - აცხადებს ის და დასძენს, რომ ნატო "მზადყოფნაშია, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი".
"ისინი განაგრძობენ სამოქალაქო პირების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას მთელი უკრაინის მასშტაბით და გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მათი აგრესიის უკანონო ომის შედეგები საზღვარზე არ ჩერდება".
ინციდენტი დაგმო ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტეკერმა - რომელმაც მომხდარს უწოდა რუმინეთის ტერიტორიაზე "თავზეხელაღებული შეჭრა".
რუმინეთისა და უკრაინის მოსაზღვრე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მკაცრად დაგმო "რუსეთის დრონების მხრიდან რუმინელებზე მათ სახლებში თავდასხმა".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გენერალური საკონსულოს დახურვის შესახებ რუმინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე რუსეთის რეაქცია "არ დააყოვნებს".
ფორუმი