Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეის მრჩეველმა ტრამპი "დიპლომატიის ღალატში" დაადანაშაულა

მოჰსენ რეზაი
მოჰსენ რეზაი

ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მრჩეველმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიპლომატიის რიგით მესამე ღალატში“ დაადანაშაულა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებით და, როგორც მრჩეველმა აღნიშნა, მოლაპარაკებების დროს „გადაჭარბებული მოთხოვნების“ წაყენებით.

მოჰსენ რეზაიმ ეს კომენტარი პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გააკეთა. მან თქვა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან თეთრი სახლის პოზიცია აჩვენებს, რომ ტრამპი „არ არის მიდრეკილი მოლაპარაკებებისკენ და სხვა მიზნები აქვს“.

რეზაიმ ეს ბრალდებები წამოაყენა მეორე დღეს მას მერე, რაც დონალდ ტრამპი ვაშინგტონში შეხვდა თავის მთავარ თანაშემწეებს, რათა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების პირობებთან დაკავშირებით „საბოლოო გადაწყვეტაზე“ შეთანხმებულიყვნენ. თუმცა, შეხვედრის შედეგად რაიმე საბოლოო სამოქმედო გეგმა არ მიუღიათ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პარასკევს ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა განაახლოს სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ, თუ მიმდინარე მოლაპარაკებებზე ვერ მოხერხდება შეთანხმება.

თანაშემწეებთან კონსულტაციებამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა სოცქსელ TruthSocial-ში განაცხადა, რომ ირანმა სამუდამოდ უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე, კვლავ გახსნას ჰორმუზის სრუტე საზღვაო გადასახადის გარეშე, გაასუფთაოს საზღვაო ნაღმები და მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების განადგურების საკითხში ითანამშრომლოს აშშ-სთან და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG