უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შესაძლოა შეეცადოს, გაეროში მაღალი თანამდებობა დაიკავოს, რათა დიპლომატიური იმუნიტეტი მოიპოვოს.
ამის შესახებ ცნობილი უნგრელი ჟურნალისტი და გამომძიებელი საბოლჩ პანი წერს, რომელიც საკუთარ ინფორმაციას უნგრეთსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ „მრავალრიცხოვან“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანის ინფორმაციით, ორბანის გაეროში დასაქმების იდეა მოძრაობა MAGA-ს (Make America Great Again) ამერიკელ მხარდამჭერებს ეკუთვნით. ამ გეგმის მიხედვით, აშშ-ის ხელისუფლებამ შესაძლოა მხარი დაუჭიროს ვიქტორ ორბანის კანდიდატურას გაეროს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე.
საუბარია სამ შესაძლო პოზიციაზე, რომლებზეც სრულყოფილი დიპლომატიური იმუნიტეტი ვრცელდება: გაეროს გენერალური მდივნის, მისი მოადგილის ან თანაშემწის თანამდებობაზე.
ჟურნალისტის ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ ამერიკის ხელისუფლების გარდა, ორბანი მხარდაჭერის იმედს არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისგანაც შეიძლება ელოდოს.
პანი წერს, რომ გაეროს გენერალური მდივნის პოსტისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე, ფავორიტად მიიჩნევა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, არგენტინელი რაფაელ გროსი.
ადრე პანი ასევე იუწყებოდა, რომ ვიქტორ ორბანის ქალიშვილი, რაჰელ ორბანი, უკვე ცხოვრობს ნიუ-იორკში.
გამომძიებელი ჟურნალისტის წყაროების თანახმად, რომლებიც ორბანის გარემოცვასთან არიან დაახლოებულნი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზაფხულში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად აშშ-ში გამგზავრებას გეგმავს და შესაძლოა იქ დარჩეს კიდეც, თუ „ბუდაპეშტში პოლიტიკური ვითარება ზედმეტად დაიძაბება“.
პანიის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
26 მაისს უნგრეთის ახალი მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა ხუთი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომლებმაც ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ შესაძლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები უნდა შეისწავლონ. კომისიები, მათ შორის, შეამოწმებენ ყოფილი ხელისუფლების, სპეციალური სამსახურებისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის საქმიანობას.
*VSquare - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ქსელი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. ის აერთიანებს ჟურნალისტებს უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან.
ფორუმი