ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა ჰეზბოლასთან ბრძოლაში, რომელიც არ შეჩერებულა ექვს კვირაზე მეტი ხნის წინ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად.
ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა არეალზე მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ, რომელსაც ირანი უჭერდა მხარს, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რამაც სკოლების დახურვა და შეზღუდვები გამოიწვია.
სამხედროების თქმით, ოპერაციის მიზანი ბოფორის ქედისა და ვადი ალ-სალუკის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება და ასევე, ქედზე ირანის ხელმძღვანელობით შექმნილ ჰეზბოლას რაზმებისა და მისი ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.
ერთი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, განაცხადა სამხედროებმა.
ლიბანისა და ჰეზბოლას კომენტარი არ გაუკეთებია.
შუა საუკუნეების ციხესიმაგრისა და ქედის აღება ლიბანში ისრაელის ყოფნას ამყარებს. ისრაელ-ჰეზბოლას შორის ფრონტი აქტიური რჩება მიუხედავად იმისა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დაწყების საპასუხოდ ჰეზბოლა დაპირისპირებაში 2 მარტს ჩაერთო, ირანის კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები დაუშვა. მას შემდეგ ისრაელის მხრიდან ბრძოლა თავისი ჩრდილოეთი საზღვრის მახლობელი არეალიდან, სამხრეთი ლიბანიდან, ჰეზბოლას შევიწროებას ემსახურება.
სამხედროების თქმით, ისრაელის ჯარები ასევე მოქმედებდნენ ნაბატიეს მახლობლად, რომელიც ჰეზბოლას მთავარი დასაყრდენია სამხრეთ ლიბანში.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომში ცეცხლის შეწყვეტის ფონზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ომის დასრულების მიზნით.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა 29 მაისს დაადასტურა, რომ შეხვედრა ირანთან შეთანხმების პირობების გარშემო დასრულდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, დაამტკიცა თუ არა ტრამპმა შემოთავაზებული შეთანხმების ჩარჩო.
მედიის ცნობით, წინასწარი შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 60 დღით გახანგრძლივებას, იმ დროს, როდესაც ირანის ბირთვულ საქმიანობაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„ნიუ იორკ ტაიმსის“ წყაროს თქმით, შეთანხმება ახლოსაა, თუმცა გარკვეული საკითხები, მათ შორის გაყინული ირანული სახსრების აღდგენა, კვლავ განხილვას საჭიროებს.
ფორუმი