ლიბანის ხელისუფლების ცნობით, ომის დაწყების შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში 2900-ზე მეტი
ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 400-ზე მეტი 17 აპრილს ზავის ამოქმედების შემდეგ.
ბოლო დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართეს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
ბრძოლები მაინც გაგრძელდა. ისრაელმა არაერთი იერიში მიიტანა ლიბანზე, ჰეზბოლამ - ისრაელის ძალებზე.
ჰეზბოლამ (ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი აშშ-ში), რომელსაც ირანი უჭერს მხარს, არაერთხელ დაგმო ისრაელთან მოლაპარაკებები.
2026 წელს ჰეზბოლა ახლო აღმოსავლეთის ომში ჩაება ირანზე აშშ-ის და ისრაელის მიერ დაწყებული იერიშის საპასუხოდ.
„ლიბანის ხელისუფლების მიერ მტრულ ისრაელთან წარმოებულმა პირდაპირმა მოლაპარაკებებმა... ისინი ჩიხში შეიყვანა, რაც არაფრით დასრულდება იმის გარდა, რომ ერთი დათმობა მოჰყვება მეორეს“, - განაცხადა კვირას ჰეზბოლას კანონმდებელმა, ჰუსეინ ჰაჯ ჰასანმა.
„ვერც ისინი და ვერც სხვა ვერავინ შეძლებს მტრის სურვილის შესრულებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე წინააღმდეგობის განიარაღების საკითხს ეხება“, - თქვა მან და დასძინა, რომ ხელისუფლებას ქვეყანა „ძალიან რთულ მდგომარეობამდე“ მიჰყავს.
დაჯგუფებამ 17 მაისს განაცხადა, რომ იერიში მიიტანა სამხედრო სამიზნეზე ჩრდილოეთ ისრაელში. მანამდე ის სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალების წინააღმდეგ რამდენიმე ოპერაციის ჩატარების შესახებ იუწყებოდა.
ისრაელმა ბოლო ომის დროს სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ჯარები გაგზავნა და მათ კვლავ ოკუპირებული აქვს ორ ქვეყანას შორის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია.
ფორუმი