Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Axios: დონალდ ტრამპი ირანთან შეთანხმების ცვლილებებს მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 27 მაისი, 2026 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 27 მაისი, 2026 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამისა და ჰორმუზის სრუტით მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

ამის შესახებ Axios-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ტრამპი მაღალგამდიდრებული ურანის საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო ფორმულირებას მოითხოვს. ამერიკულ მხარეს სურს დააკონკრეტოს, თუ როგორ და როდის მიიღებს აშშ ირანის ბირთვულ მასალას.

აშშ-ის პრეზიდენტის სურვილია, ჰორმუზის სრუტით ტრანზიტის განახლებასთან დაკავშირებული გარკვეული დებულებების კორექტირება.

Axios-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ თეთრი სახლი კვლავ წარმატებულ შეთანხმებას ელის, მაგრამ ხელმოწერის დრო გაურკვეველი რჩება. ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დოკუმენტზე შეთანხმება შესაძლოა რამდენიმე დღეში, ან მოგვიანებით მოხდეს.

New York Times-ი ასევე იუწყება დამატებითი ცვლილებების საჭიროების შესახებ. გაზეთის ცნობით, ტრამპს სურს უცხოეთში გაყინული ირანის აქტივების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების გადახედვა.

მედიის ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს ცეცხლის შეწყვეტის 60-დღით გახანგრძლივებას, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყებას და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას.

გადაუჭრელ საკითხებს შორისაა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნის ვადები და ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება.

31 მაისს აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებებზე ირანის წარმომადგენელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანი არ მიიღებს აშშ-თან კონფლიქტის დასრულების შესახებ არცერთ შეთანხმებას, თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ ირანელი ხალხის უფლებები დაცულია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG