Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა, შესაძლოა, ირანის გამო რუსული ნავთობის ზღვრული ფასი გაყინოს

რუსეთის ერთ-ერთი ნავთობტერმინალი
რუსეთის ერთ-ერთი ნავთობტერმინალი

ევროკავშირი განიხილავს რუსული ნავთობის ამჟამინდელი ზღვრული ფასის დროებით შენარჩუნებას ბარელზე 44,10 აშშ დოლარამდე ზაფხულისთვის დაგეგმილი გადახედვის ნაცვლად, იუწყება Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისა და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების გამო, ნავთობის მსოფლიო ფასები გაიზარდა. ასეთ პირობებში, ავტომატური გადახედვის მექანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ზედა ზღვრის გაზრდა დაახლოებით 65 დოლარამდე ბარელზე - რაც „დიდი შვიდეულის“ - G7-ის ქვეყნების მიერ შეთანხმებულ წინა ნიშნულზე მეტია, რომელიც 60 დოლარს შეადგენს.

განსახილველ ვარიანტებს შორისაა ამჟამინდელი დონის შენარჩუნება წლის ბოლომდე, ან ფასის ნებისმიერი პოტენციური ზრდის შეზღუდვა ბარელზე 60 აშშ დოლარამდე. ეს ზომები შეიძლება შევიდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტში, რომლის წარდგენაც ივნისის დასაწყისშია დაგეგმილი.

ბრიუსელი ასევე განიხილავს ახალ შეზღუდვებს ბანკების, ნავთობის მოვაჭრეების, კრიპტოოპერატორების და მესამე ქვეყნის კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირის აზრით, მოსკოვს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. ასევე, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაახლოებით 20 გემზე, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ექსპორტისთვის გამოიყენება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG