დარტყმის ქვეშ იყო დედაქალაქი კიევიც. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი და 30-მდე დაშავდა. კიევში ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
განახლება: კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ დილის შვიდი საათის მონაცემებით, კიევში დაიღუპა 4 და დაშავდა 51 ადამიანი. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.
კიევის პოდოლსკის რაიონში ჩამოინგრა 9-სართულიანი სახლის ნაწილი. ქალაქის სხვა რაიონებშიც დაზიანებულია სახლები და არასაცხოვრებელი შენობები. გაჩნდა ხანძრები.
რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო კიევის ოლქზეც. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ბუჩის, ვიშგოროდის, ფასტოვის და ობუხოვის რაიონებში დაზიანებულია სახლები და საწყობები.
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ცნობით, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა ქალაქ დნიპროში, სადაც დარტყმის ქვეშ იყო საცხოვრებელი უბნები.
განჟამ სოციალური ქსელებით გაავრცელა შედეგების ამსახველი ფოტოები.
რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო ხარკოვზეც. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 10 ადამიანი. ხარკოვის ოთხ რაიონში დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, საბავშვო ბაღი და საწარმოები.
ხარკოვი და დნიპრო უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ.
დედაქალაქ კიევზე წინა მასირებული შეტევა, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, 24 მაისს იყო. მეორე დღეს რუსეთმა გამოაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები იწყებენ „თანმიმდევრულ სისტემურ დარტყმებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე კიევში“, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე და სამეთაურო პუნქტებზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ისთვის 29 მაისს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა ბრძოლის ველზე ინიციატივა დაკარგა და ეს არის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც უკრაინაზე მასირებული სარაკეტო დარტყმები დაიწყო.
ფორუმი