ერთ-ერთ მათგანს, - ბიჭს ინიციალებით დ.ჩ. - მიუსაჯეს 13 წლით პატიმრობა, მეორეს კი - გოგოს ინიციალებით ა.ნ. - მიუსაჯეს 7 წელი.
ეს შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელია.
თუმცა ორივე მსჯავრდადებულზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რისი ძალითაც სასჯელის ვადა 1/4-ით შეუმცირდათ. ეს ნიშნავს, რომ:
- დ.ჩ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარებს 9 წელიწადსა და 9 თვეს;
- ა.ნ. - 5 წელიწადსა და 3 თვეს.
სასამართლომ ისინი დამნაშავედ 27 მაისის სხდომაზე ცნო, თუმცა სასჯელის ზომა მხოლოდ დღეს, 2 ივნისს, გამოაცხადა.
ვის რას ედავებოდნენ
ამასთან, დ.ჩ. უკვე მსჯავრდადებული იყო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, რაც დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდებთან ერთად, გიგა ავალიანის ცემასაც მოიაზრებდა.
- სისხლის სამართლის საქმის ამ ეპიზოდში კი დ.ჩ. დამნაშავედ ცნეს ჯგუფურად, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში.
- ა.ნ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნეს დამნაშავედ.
- სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება, რომ მისთვის „ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული“ და „აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა“.
წინა სხდომის შემდეგ დაკავებული არასრულწლოვანების ადვოკატებს და ოჯახის წევრებს მედიასთან არ უსაუბრიათ, მათ პროკურატურამ გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი, რაც საქმის დეტალებზე საუბარს კრძალავს.
28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ამ საქმეზე უკვე ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
2 ივნისამდე, 2026 წლის 8 აპრილს გამოცხადდა სამი დაკავებულის განაჩენი, არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით:
- ა.გ. და გ.რ - 10 წელი და 6 თვე;
- დ.ჩ. - 6 წელი და 9 თვე.
ახალი საქმეები
გარდა ამისა, 2026 წლის 27 მაისს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, - გიგა ავალიანზე ძალადობამდე რამდენიმე თვით ადრე მომხდართან დაკავშირებით, - ორი ადამიანი დააკავეს.
28 მაისს გაირკვა, რომ ახლად დაკავებულებს - რომელთა ინიციალებია დ.კ. და ი.ს. - ბრალად ედებათ „ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა“ და 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ამასთან, 1 ივნისს დამნაშავედ ცნეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მასწავლებელ გიგა ავალიანზე თავდასხმის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს.
ფორუმი