Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პარლამენტმა პირველი წაკითხვით დაუჭირა მხარი თვითდაშლას

საილუსტრაციო ფოტო: ქნესეთის სხდომა. იერუსალიმი, 13 ოქტომბერი, 2025.
საილუსტრაციო ფოტო: ქნესეთის სხდომა. იერუსალიმი, 13 ოქტომბერი, 2025.

ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა, 2 ივნისს პირველი წაკითხვით დაუჭირა მხარი თვითდაშლას და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ვადამდელი არჩევნებისკენ.

ქნესეთის 120 წევრიდან წინადადებას მხარი დაუჭირა 106-მა. მისი საბოლოო დამტკიცებისთვის კიდევ ორი წაკითხვაა საჭირო.

ისრაელის მმართველ კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღის თაობაზე. როგორც ისრაელის მედია იტყობინება, არჩევნების თარიღი დადგინდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის დათხოვნის შესახებ ჩატარდება ორი დასკვნითი წაკითხვა.

როგორც მოსალოდნელია, არჩევნები ჩატარდება 8 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შეიძლება არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ულტრაორთოდოქსი პარტნიორები არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ სექტემბრის დამდეგს, მნიშვნელოვან დღესასწაულებამდე, ვინაიდან, მათი აზრით, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ულტრაორთოდოქსი ამომრჩეველი მივა კენჭისყრაზე. თავად ნეთანიაჰუს უფრო მოგვიანებით სურს არჩევნების ჩატარება, ვინაიდან მანამდე სურს რამდენიმე კანონის მიღება და სამხედრო მიზნების მიღწევა.

ქნესეთის დათხოვნას ითხოვენ კოალიციაში ნეთანიაჰუს პარტნიორები. ისინი უკმაყოფილო არიან კანონპროექტის ჩავარდნით, რომელიც ულტრაორთოდოქს მამაკაცებს სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლებდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG