Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერბურგის ნავთობის ტერმინალზე დრონებით შეტევა იყო საერთაშორისო ფორუმის გახსნის წინ

კვამლი პეტერბურგის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე. 2026 წლის 3 ივნისი
კვამლი პეტერბურგის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე. 2026 წლის 3 ივნისი

3 ივნისს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის იმ რაიონში, სადაც ბალტიის ზღვის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობტერმინალია. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო. 3 ივნისიდან პეტერბურგი საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს.

ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებისა და კადრების მიხედვით, დრონებით შეტევა იყო კონკრეტულად პეტერბურგის ნავთობტერმინალზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.

გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს ამ ობიექტზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს. მის ტელეგრამ-არხზე დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული მოკლე ზოგადი ინფორმაციით, „ლენინგრადის ოლქის ტერიტორიის თავზე 50 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“.

განახლება: დილის ცხრა საათისთვის გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მორიგი ცნობა, რომ ლენინგრადის ოლქში დრონებით შეტევის საფრთხე აღარ არის, რეგიონში ჩამოგდებულია 59 უპილოტო საფრენი აპარატი და მათი ნამსხვრევებით ოთხი კერძო სახლია დაზიანებული ლუჟსკის რაიონში.

დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალზე“ შეტევა. ის რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში უმსხვილესი კომპლექსია.

3 ივნისიდან სანქტ-პეტერბურგში იწყება საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც. მისი გამოსვლა 5 ივნისსაა დაგეგმილი.

სამდღიანი ფორუმი, რომელზეც უცხოეთის დელეგაციებიც არიან მიწვეული, საგამოფენო ცენტრ „ექსპოფორუმში“ ტარდება. როგორც ASTRA წერს, ამ ცენტრიდან პეტერბურგის ნავთობტერმინალამდე მანძილი დაახლოებით 17 კილომეტრია.

შეტევა მიჩურინსკზე

3 ივნისს უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა რუსეთის ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა ევგენი პერვიშოვმაც. მისი ინფორმაციით, დრონების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ მიჩურინსკში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი, ბიბლიოთეკის და ხელოვნების სკოლის შენობები და საწარმოს სამეურნეო ნაგებობები. გუბერნატორს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული, ხანძრის ამსახველი კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ მიჩურინსკში შეტევა იყო ქარხანა „პროგრესზე”, რომელიც აწარმოებს დანადგარებს საავიაციო და სარაკეტო ტექნიკის მართვის სისტემებისთვის.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა „პროგრესს” ადრეც არაერთხელ დაარტყეს, მათ შორის 2026 წლის თებერვალში.

განახლება: 3 ივნისს დღისით უკრაინამ დაადასტურა შეტევა როგორც პეტერბურგის ნავთობტერმინალზე, ისე მიჩურინსკის ქარხანაზე.

  • ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაააქტიურეს შეტევა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტების ტერმინალებზე.
  • მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის მაისში რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინული დრონებით სულ მცირე 30 დარტყმა იყო, რაც ომის დაწყების შემდეგ ერთ თვეში განხორციელებული შეტევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მაისში დარტყმა იყო 16 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, მათ შორის რვა რუსეთის ათი უმსხვილესი ქარხნის ჩამონათვალშია. ზოგიერთ მათგანს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენჯერმე შეუტიეს. Bloomberg-ის დათვლით, ნავთობის გადამუშავება დღე-ღამეში 4,58 მილიონი ბარელამდე დაეცემა, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის მაისთან შედარებით და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2009 წლის შემოდგომის შემდეგ.



ფორუმი

XS
SM
MD
LG