Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ამცირებს მონაწილეობას ნატოს ძალების მოდელში

გენერალი ალექსუს გრინკევიჩი. სიბიუ, 20 იანვარი, 2026.
გენერალი ალექსუს გრინკევიჩი. სიბიუ, 20 იანვარი, 2026.

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აცნობა თავის ნატოელ მოკავშირეებს, რომ ამცირებს მონაწილეობას ნატოს ძალების მოდელში, რომელიც სწრაფი რეაგირების ძალებს მოიცავს. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ნატოს ძალების მოდელში (NATO Force Model) თავის წვლილს შესაბამისობაში მოიყვანს ტვირთის სამართლიანი განაწილების ვალდებულებასთან, რომელიც ასახულია ეროვნული თავდაცვის განახლებულ სტრატეგიაში.

განცხადების თანახმად, ინიციატივის მიზანია, ევროპამ „აიღოს პირველადი პასუხისმგებლობა საკუთარ კონვენციურ (ანუ არაბირთვულ - რედ.) თავდაცვაზე მის წინაშე არსებული უსაფრთხოების მუქარების საპასუხოდ“.

როგორც ნატოს ევროპული ძალების სარდალმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა, „ნატოს ძალების მოდელის არაჯანსაღი დამოკიდებულება ამერიკულ ძალებზე ძალიან დიდი ხანია არსებობს“. „პრეზიდენტმა ტრამპმა, მინისტრმა ჰეგსეთმა და სხვებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს უნდა შეიცვალოს და ეს შეიცვლება“, თქვა გრინკევიჩმა. მისი სიტყვებით, ომის მრავალ თეატრში ერთდროული კონფლიქტების პოტენციალი სწორედ ამას მოითხოვს.

გრინკევიჩის თქმით, რეფორმების შედეგად ნატო ევროპაში მხოლოდ უფრო ძლიერი გახდება, რადგან ევროპის ქვეყნები სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. „ორი სფერო, რომელშიც კანადას და ევროპელ მოკავშირეებს შეუძლიათ ახლა და უახლოეს მომავალში უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება, არის პილოტირებული და უპილოტო ავიაცია, ასევე სამხედრო-საზღვაო ხომალდები“, დასძინა მან. ძალების გადანაწილების საკითხი ამ კვირაში ბელგიის ქალაქ მონსში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს.

ნატოს ძალების მოდელი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეიარაღებული ძალების ორგანიზების სისტემა, რომელიც მოიცავს შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ნატოს ჯარების სწრაფი გამოყენების მექანიზმს. მოდელის ფარგლებში დადგენილია, კონკრეტულად რა ძალებით მონაწილეობენ მოკავშირეები ერთობლივ სამხედრო ძალისხმევაში. შეერთებული შტატები ერთ-ერთ საკვანძო როლს თამაშობს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ნატოს მოკავშირეებმა გაზარდონ სამხედრო ხარჯები და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. რამდენიმე ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, მათ შორის ტრამპმა, არ გამორიცხა აშშ-ის ურთიერთობების გადახედვა ნატოს ფარგლებში. ადრე გამოცხადდა გერმანიაში აშშ-ის ძალების შემცირების გეგმები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG