არაიკ არუთუნიანის თქმით, სუბსიდია შეეხება პომიდორს, წიწაკას, მარწყვსა და ყვავილებს. ეს იმ პროდუქტების ნაწილია, რაზეც რუსეთმა ბოლო პერიოდში აკრძალვა დააწესა.
რუსეთმა შეზღუდვები დააწესა სომხეთიდან ყვავილების, პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილის, მარწყვის, ალუბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ვაშლატამასა და ყურძნის ექსპორტზე.
შეზღუდვები ასევე დაწესდა სომხეთიდან თევზისა და თევზის პროდუქტების, ასევე ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, პროგრამა 2026 წლის ივლისიდან ამოქმედდება დადგენილების საფუძველზე, რომელსაც ხვალ, 4 ივნისს, მიიღებენ.
პროგრამის სრული დეტალები 4 ივნისს გაირკვევა სომხეთის მთავრობის სხდომაზე, მანამდე კი არუთუნიანი აანონსებს, რომ ხელისუფლება, სხვა ნაბიჯებთან ერთად, ექსპორტიორებს უკან დაუბრუნებს იმ საბაჟო გადასახადს, რასაც მათ ევროკავშირში პროდუქციის გაყიდვისას გადაახდევინებენ.
ამ ნაბიჯით სომხეთი ცდილობს პროდუქციის ევროპაში ექსპორტირების წახალისებას.
2 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირობა დადო, რომ დაეხმარება რუსეთის მიერ ბოლო დროს დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებულ ადგილობრივ კომპანიებს.
„მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც ექსპორტისთვის უსამართლო ბარიერები წარმოიქმნება, ჩვენ განვახორციელებთ დახმარების პროგრამებს, განვახორციელებთ სუბსიდირების პროგრამებს ამ საქონლისთვის, რათა ჩვენი ეკონომიკა არ დაზარალდეს“, - განაცხადა ფაშინიანმა და განმარტა, რომ ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ბარიერები არ არის დაკავშირებული პროდუქტის ხარისხთან.
- 7 ივნისს სომხეთში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები;
- არჩევნებამდე და ერევნის ევროკავშირთან დაახლოების შესახებ განცხადებების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს სომხეთის მთავრობაზე.
ფორუმი