Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის პარტია და პრორუსი კონკურენტები - ერთი კვირა არჩევნებამდე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. 2019 წელი - ფოტო არქივიდან.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. 2019 წელი - ფოტო არქივიდან.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება - ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაზე რუსეთის გაძლიერებული წნეხისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერის ფონზე. OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლები პოლარიზებულ გარემოზე მიუთითებენ.

7 ივნისის არჩევნებში, მმართველი პარტიის ჩათვლით, 18 პოლიტიკური ორგანიზაცია მონაწილეობს - ნიკოლ ფაშინიანის “სამოქალაქო კონტრაქტის” ძირითადი მეტოქეები პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალები არიან.

ფაშინიანის პარტია ლიდერობს წინასაარჩევნო კვლევების უმრავლესობაში, თუმცა მაჩვენებლები ბევრად ნაკლებია - 5 წლის წინანდელი ვადამდელი არჩევნების შედეგებთან შედარებით.

დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი ახალ პარლამენტს პროპორციული სისტემით აირჩევს. დეპუტატების მინიმალური რაოდენობა, სომხეთის კანონმდებლობით - 101-ს შეადგენს, თუმცა ეს რიცხვი ხშირად იზრდება. დღეს მოქმედ პარლამენტში 107 დეპუტატია. საზღვარგარეთ მყოფთაგან ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ დიპლომატებსა და სამხედროებს. სხვა ყველა კენჭისყრისთვის სომხეთში უნდა ჩავიდეს.

2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი: ცალკე პარტიისთვის - 4%-ია; ორპარტიული ალიანსებისთვის - 8%; სამპარტიულისთვის - 9%; ხოლო უფრო მეტი პარტიისგან შემდგარი ალიანსებისთვის - 10%.


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) რეიტინგები

IRI-ის მაისის კვლევით, არჩევნებში მონაწილე პარტიულ სუბიექტებს შორის რეიტინგები ასე გადანაწილდა:

  • ნიკოლ ფაშინიანის პარტია - “სამოქალაქო კონტრაქტი” - 32% [არჩევნებზე დიდი ალბათობით წამსვლელთა ჯგუფში - 38%]
  • სამველ კარაპეტიანის ალიანსი - “ძლიერი სომხეთი” - 6%
  • რობერტ ქოჩარიანის ალიანსი - “სომხეთი” - 3%
  • გურგენ სიმონიანის “სომხეთის მერიტოკრატიული პარტია” - 2%
  • გაგიკ წარუკიანის - “აყვავებული სომხეთი” – 1%
  • არმან ტატოიანის - “ერთობის ფრთები” [სომხეთის ადამიანის უფლებათა ყოფილი დამცველი - ომბუდსმენი] - 1%


გადაუწყვეტელი და პასუხებზე უარის მთქმელი ამომრჩევლების ჯამი, ამ კვლევით, 44%-ს უტოლდება.

სხვა კვლევებით, ფაშინიანის პარტიის რეიტინგი 30%-ზე ნაკლებია, ხოლო მისი კონკურენტების - 10%-მდე და ცოტა მეტიც.

IRI-ის კვლევით, უშუალოდ ნდობის რეიტინგში ფაშინიანი 29%-ით პირველ ადგილზეა. სამველ კარაპეტიანის მაჩვენებელი კი მხოლოდ 8%-ს შეადგენს; რობერტ ქოჩარიანის - 4%; გაგიკ წარუკიანის - 3%; არმან ტატოიანი ს- 2%.

ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტი"

„სამოქალაქო კონტრაქტი“, ფაშინიანის ხელმძღვანელობით, სომხეთს 2018 წლიდან მართავს, როცა ქვეყანაში ხელისუფლება „ხავერდოვანი რევოლუციით“ შეიცვალა.

  • 2021 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შემდეგაც ფაშინიანმა კვლავ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი, მისმა პარტიამ თითქმის 54%-იანი მხარდაჭერა მიიღო.
  • მან აჯობა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, ოპოზიციურ ალიანსს - „სომხეთს“, რომელსაც მაშინ 21% ხვდა წილად.


ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების მთავარ გამოწვევად ექსპერტები თვლიან ქვეყნის შიგნით სადავოდ ქცეულ რეალობას - სომხეთს ყარაბაღის გარეშე. ხოლო „სამოქალაქო კონტრაქტი“ ამომრჩევლებს არწმუნებს, რომ ქვეყანას, დღევანდელი საზღვრებით, განვითარების გაცილებით დიდი პერსპექტივები აქვს.

წინასაარჩევნო კამპანიისას, ნიკოლ ფაშინიანი არიგებს სომხეთის რუკის მინიატიურულ მოდელებსა და რუკის ფორმის გულსაბნევებს - რომლებზეც სომხეთის ტერიტორია, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მთიანი ყარაბაღის გარეშეა. „ნამდვილი სომხეთი“ - ასეთია ფაშინიანის პოლიტიკური და წინაასარჩევნო კონცეფცია.

თუკი სომხეთში პრორუსული ძალები გაიმარჯვებენ, ფაშინიანის ხელისუფლება ომის დაწყების რეალურ საფრთხეებს ხედავს და ეს მესიჯები თან სდევს მის წინასაარჩევნო კამპანიას. რადიო თავისუფლებას არაერთმა სომეხმა ექსპერტმა დაუდასტურა, რომ ასეთი საფრთხე რეალურია, რადგან პრორუსული ძალები ყარაბაღიის საკითხზე კრემლისთვის ხელსაყრელი სცენარის შესაბამისად მანიპულირებენ.

თითქმის ერთი წელია, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი კათოლიკოს გარეგინ მეორის გადადგომას ითხოვს - მას შემდეგ, რაც ეკლესიის რეფორმირების მოძრაობა წამოიწყო. ამ პერიოდში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა როგორც კათოლიკოსის, ასევე რამდენიმე სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირის წინააღმდეგ. მმართველმა ძალამ გარეგინ მეორის გადადგომა თავის წინასაარჩევნო პროგრამაშიც შეიტანა.

ფაშინიანის ძირითადი კონკურენტები რუსეთის მხარდამჭერი ძალები არიან, მაშინ როცა სომხეთის დღევანდელი მმართველობა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და აშშ-თან სტრატეგულ პარტნიორობას აღრმავებს. ერევანი, ამავდროულად, ცდილობს ურთიერთობების დაბალანსებას თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ინარჩუნებს კავშირს რუსეთთან.

ფაშინიანის მთავარი კონკურენტები

„სამოქალაქო კონტრაქტის“ მთავარ კონკურენტებად სახელდებიან პრორუსული პოლიტიკური ძალები:

  • დაპატიმრებული პრორუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“,
  • სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთი“
  • ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის „აყვავებულ სომხეთი“.


სამველ კარაპეტიანი
სამველ კარაპეტიანი

სამველ კარაპეტიანი მილიარდერია. მისი ქონება სავარაუდოდ 4 მილიარდ დოლარს აღემატება - რაც სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის ნახევარია. 2025 წლამდე პოლიტიკაში ოფიციალურად არ აქტიურობდა.

დაკავებული მილიარდერის ნაცვლად, საარჩევნო კამპანიას ახლა მისი ძმისშვილი, ნარეკ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს, თუმცა ყველამ იცის, რომ - ის სამველ კარაპეტიანის დირექტივებით ხელმძღვანელობს.

სამველ კარაპეტიანი დაკავებულია 2025 წლის ივნისის შემდეგ. მას ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა და ფულის გათეთრება. 7 თვე მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საპატიმროში გაატარა, შემდეგ კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. კარაპეტიანი დააპატიმრეს სომხური სამოციქულო ეკლესიის დასაცავად გაკეთებული განცხადებების გამო, ეკლესიასა და ფაშინიანის მთავრობას შორის გამწვავებული დაძაბულობის ფონზე.

1 აპრილს, ფაშინიანთან მოსკოვში შეხვედრისას, პუტინმა პირდაპირ დაუჭირა მხარი „რუს ოლიგარქს“ - „ძლიერი სომხეთის“ დამფუძნებელ სამველ კარაპეტიანს, ლიდერებს შორის დაახლოებით 20-წუთიანი დაძაბული საჯარო საუბრის დროს.

ფაშინიანმა მკაფიოდ მიანიშნა პუტინს, რომ კარაპეტიანი მოქმედ პოლიტიკურ ფიგურად არ განიხილება და ადამიანი რუსული პასპორტით [ორმაგი მოქალაქე] სომხეთში ვერ გახდება ვერც დეპუტატი და ვერც - პრემიერ-მინისტრი.

“ძლიერი სომხეთის” ბლოკმა, რომელშიც კარაპეტიანმა რამდენიმე პარტია შემოიკრიბა, პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შეცვლიან კონსტიტუციას და გააუქმებენ პრემიერის არჩევასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

მართალია, სამველ კარაპეტიანი ამბობს, რომ სომხეთი მისი ერთადერთი პრიორიტეტია, მაგრამ ბევრს აეჭვებს მისი რუსული კავშირები და კონკრეტულად - რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან (FSB).

სომხეთში ბოლო დროს აღძრული ათეულობით სისხლის სამართლის საქმიდან - უმეტესობა კარაპეტიანის ბლოკის წარმომადგენლებს შეეხება. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური, 27 მაისს, ადვოკატზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ - ანტიკორუფციულმა ბიურომ დააკავა „ძლიერი სომხეთის“ 8 წარმომადგენელი - ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით.

ალიანსი ბრალდებებს უარყოფს.

“ძლიერი სომხეთი” მეორე ადგილზეა - 6%-იანი მაჩვენებლით [IRI].


რობერტ ქოჩარიანი
რობერტ ქოჩარიანი

ალიანსი „სომხეთი“, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით, 2021 წლის ვადამდელი არჩევნების შემდეგ, სომხეთში მთავარი ოპოზიციური ძალა გახდა, მაგრამ 2022 წელს დაიშალა. ახლა კი ქოჩარიანის გუნდი ახალი შემადგენლობით აქტიურობს პოლიტიკურ ველზე.

ქოჩარიანი აპროტესტებს მთავრობის პოზიციას მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით და რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების მომხრეა.

რუსეთს ის სომხეთის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფის მთავარ გარანტორად თვლის.

„სომხეთი“ რეიტინგებით მესამე ადგილზეა - 3%-იანი მაჩვენებლით [IRI].

გაგიკ წარუკიანი
გაგიკ წარუკიანი

"აყვავებული სომხეთის" ლიდერის, სკანდალურად ცნობილი ბიზნესმენის გაგიკ წარუკიანის ბლოკი სომხეთს გადარჩენასა და აღორძინებას ჰპირდება.

წარუკიანს ეკუთვნის ქრისტეს "მსოფლიოში უდიდესი" მონუმენტის ინიციატივა, რომელსაც ერევნიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ჰატისის მთის მწვერვალზე აგებენ. მან თქვა, რომ ეს "გიგანტური ქრისტე" სომეხ ხალხს „აღორძინებისა და სინათლის გზას უჩვენებს“. პროექტი არაერთხელ შეფერხდა და დასრულებაც გაჭიანურდა. პროექტის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას 19 მარტს უთხრა, რომ მონუმენტის დასრულების ახალი „სავარაუდო ვადა“ 2027 წელია.

წარუკიანმა განაცხადა, რომ ააშენებს ნოეს კიდობნის მემორიალსაც, იესო ქრისტეს ქანდაკების დასრულების შემდეგ.

21 მაისს, ბრალი წაუყენეს “აყვავებული სომხეთის” ალიანსში შემავალი “დედა სომხეთის“ ლიდერს ანდრანიკ თევანიანს - რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით.

გავრცელებული ინფორმაციით, თევანიანს ბრალად ედება 2024 წელს უცხოური სპეცსამსახურების მიერ გადაბირება და სახელმწიფო საიდუმლოებების გადაცემა 622 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ის ამ ბრალდებებს უარყოფს.

სომხეთში ბევრს ლაპარაკობენ წარუკიანის განსაკუთრებულ კავშირებზე რუსეთსა თუ ბელარუსში.


  • წარუკიანს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ 2026 წლის საარჩევნო კამპანია სომხეთში შიშისა და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის ფონზე მიმდინარეობს.
  • ბიზნესმენი აცხადებს, რომ თავად ის, გამარჯვების შემთხვევაში - პრემიერ-მინისტრობას არ გეგმავს.
  • ასევე წარუკიანის სიტყვებია, რომ სომხეთისათვის „უმთავრეს საფრთხეს“ წარმოადგენენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი „ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი“.


“აყვავებულ სომხეთს” რეიტინგებით მეხუთე ადგილზეა - 1%-იანი მაჩვენებლით [IRI]. მას წინ უსწრებს სომხეთის მერიტოკრატიული პარტია.

IRI-ის ბოლო გამოკითხვით, 2%-იანი მაჩვენებლით, რეიტინგებში მეოთხე ადგილზეა გურგენ სიმონიანის 2025 წელს დაარსებული “სომხეთის მერიტოკრატიული პარტია”.

სიმონიანი პროდასავლური განწყობებით გამოირჩევა: მხარს უჭერს სომხეთის გამოსვლას რუსეთის ორბიტაზე მოქმედი სტრუქტურებიდან, მათ შორის - ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდანაც.

რუსეთის წნეხი, დასავლეთის მხარდაჭერა

კრემლი ღიად უჭერს მხარს პრორუსულ ძალებს სომხეთში.

“რუსეთმა გააძლიერა ძალისხმევა სომხეთის პოლიტიკურ და საინფორმაციო გარემოზე გავლენის მოსახდენად იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც მანამდე მოლდოვასა და საქართველოში იქნა შემჩნეული”- წერს Eurasianet-ი.

მოახლოებულ არჩევნებს ემთხვევა მოსკოვის მხრიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამკაცრებული ტონი ერევნის მიმართ; ისმის მკაფიო მუქარა.

"უკრაინაში კრიზისი, ოდესღაც, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით დაიწყო", - ბევრმა ომის დაწყების მუქარად აღიქვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები, 29 მაისს, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ასტანაში გაკეთებული განცხადებიდან.

კრემლმა გადაჭრით დააყენა საკითხი - ერევანმა უნდა აირჩიოს ან ევროკავშირი ანდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი და თუკი ბრიუსელისკენ გადაიხრება - ენერგომატარებლებს შეღავათიან ფასად ვეღარ მიიღებს; გაიზრდება სატრანსპორტო ტარიფები და ქვეყანა დაკარგავს სარგებელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან.

უკვე დაწესდა კონკრეტული შეზღუდვები და აკრძალვები.

რუსეთთან ერთად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები - ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ სომხეთს, ჩაატაროს რეფერენდუმი შეკითხვით - ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი. 29 მაისს, ასტანაში გამართული სამიტის შემდეგ სპეციალური განცხადება სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანს გადაეცა. ის სამიტზე პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ნაცვლად იმყოფებოდა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ევრაზიული კავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ 2026 წლის დეკემბერში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მომდევნო სამიტზე, „განსახილველად დადგება სომხეთის ამ სტრუქტურაში წევრობის საკითხი“.

„სომხეთი გეგმავს, გააგრძელოს ევრაზიულ კავშირში მონაწილეობა, რაც დაფუძნებული იქნება ერთმანეთის პატივისცემაზე, თანასწორუფლებიან პარტნიორობაზე და გათვალისწინებული იქნება ყველა წევრი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“ - ასეთია ერევნის ოფიციალური პოზიცია.

რუსეთის თვალსაჩინო წნეხის ფონზე, მკაფიო მხარდაჭერაა დასავლელი პარტნიორებისგან - რომლებთანაც საგანგებო კავშირები გააბა და განამტკიცა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ.

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია - რაც მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს.

  • 26 მაისს, სომხეთში ჩასული იყო სახელმწიფო მდივანი - მარკო რუბიო, როდესაც მხარეებმა მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.
  • 2026 წლის თებერვალში, სომხეთსა და აზერბაიჯანს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სტუმრობდა.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.


საარჩევნო გარემო OSCE/ODIHR-ის მისიის შეფასებით

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დამკვირვებელთა მიერ 22 მაისს გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის თანახმად, „სომხეთის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზაციის პირობებში მიმდინარეობს”. ტექსტში რამდენიმე ძირითადი ასპექტია გამოყოფილი:

  • ყარაბაღის ომის შემდეგ, აზერბაიჯანთან 2025 წლის აგვისტოში [აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით] გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმებასთან და შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა;
  • ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებული საკითხები;
  • დაძაბულობა მთავრობასა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ლიდერებს შორის;
  • ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები.


„კამპანია აქტიურად მიმდინარეობს და ფოკუსირებულია აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, დასაქმების, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე”, - აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.

ამავე ანგარიშის თანახმად, დამკვირვებლებთან საუბარში, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა გამოხატეს შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და არჩევნების წინ სახელმწიფო სისტემაში გაცემული პრემიების (ბონუსების) გამო. ასევე აღინიშნა ხმების ყიდვასთან და ქველმოქმედების აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წევრების წინააღმდეგ არის აღძრული.

რაც შეეხება მედიაგარემოს, “დამკვირვებლებმა ის მიიჩნიეს პლურალისტურად, თუმცა მცირედ და პოლიტიკური გავლენის მიმართ მოწყვლადად, რაც გამოწვეულია სარეკლამო ბაზრის შემცირებით”.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG