Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკამ უნდა გამოასწოროს შეხედულება სამყაროზე - ირანის ელჩი რუბიოს განცხადებაზე საქართველოს „ქცევის შეცვლის“ შესახებ

ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი
ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი

„მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე“, - ასე ეხმაურება საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას საქართველოს შესახებ, - მის იმედს, რომ ხელისუფლება „ქცევას“ შეცვლის.

„მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე. ქვეყანამ, რომელიც სხვა ცივილიზაციების განადგურებას ცდილობს, ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს“, - წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი ფეისბუკზე 3 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში.

სეიედ ალი მოჯანი ამ მოკლე კომენტარით გამოეხმაურა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებას, რომელიც მან კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვაზე პასუხად გააკეთა წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე.

რა თქვა მარკო რუბიომ

სეიედ ალი მოჯანის პოსტს წინ უძღოდა წარმომადგენელთა პალატაში მოსმენისას ჯო უილსონის შეკითხვა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსადმი საქართველოს შესახებ, რაზეც მარკო რუბიომ განაცხადა:

„ცხადია, ჩვენ გვესმის ყველაფერი, რაც ახლახან აღწერეთ, - ეს ჩვენთვის წინასწარ არსებული პრობლემები. მათ გვკითხეს, „რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის?“

ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ განვითარებას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობისა, არამედ მათი ქცევისა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

კონგრესმენმა ჯო უილსონმა კითხვის ფორმულირებაში საქართველოს ხელისუფლება აღწერა, როგორც „პროირანული რეჟიმი, რომელიც მხარდაჭერილია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ“ და „არალეგიტიმურია და საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას“.

„მართალი ხართ“, - მიმართა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენ უილსონს: „ყველაფერი, რაც თქვენ აღწერეთ, ჩვენ უკვე გვაშფოთებდა“.

„უსამართლობის გაგრძელება იქნებოდა“

ოფიციალური თბილისი ჯერ მარკო რუბიოს ამ განცხადებას არ გამოხმაურებია.

სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებამდე ორიოდე საათით ადრე თბილისში ჟურნალისტებს ამერიკასთან ურთიერთობების შესახებ ესაუბრებოდა ირაკლი კობახიძე.

მან ახსენა ბოლოდროინდელი საუბრები სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან, - რომელმაც გასულ კვირაში გამართა შეხვედრები ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, - და თქვა:

„ჩვენ გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ეს დისკუსია განვაგრძოთ“.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სარჩელს ეხებოდა, პრემიერმა განაცხადა:

„ჩვენს აღქმაში ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან“.

მისივე თქმით, „ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში“.

ბრალდებები „პროირანულობაზე“ აშშ-სთან ომის ფონზე

  • 27 მაისს „ვაშინგტონ პოსტმა“ (Washington Post) საქართველოზე სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებებია განხილული.
  • „საქართველოს სულ უფრო ავტორიტარული მთავრობა საფრთხეს უქმნის ტრამპის კავკასიურ სტრატეგიას“ - ასეთია სტატიის ქვესათაური. ტექსტში აქცენტი კეთდება საქართველოსა და ირანს შორის არსებულ მჭიდრო და მრავალმხრივ ურთიერთობებზე.
  • სტატიის ფონია ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიში საქართველოსა და ირანის ურთიერთობებზე უსაფრთხოების ჭრილში და სუსის გამოძიება საბოტაჟის მუხლით, რომლის ფარგლებშიც არაერთი პოლიტიკოსი და მკვლევარი გამოიკითხა ირანთან დაკავშირებულ თემებზე საჯარო საუბრისთვის.
  • 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზეზად დაასახელეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობით გამოწვეული საფრთხე. თეირანი ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას სამოქალაქო მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის ოპერაციას უპასუხა დარტყმებით ისრაელსა და აშშ-ის მოკავშირე მეზობელ ქვეყნებზე და მსოფლიო ბაზრებისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემა და გაძვირება გამოიწვია.
  • თავის მხრივ, აშშ-მა დაბლოკა ირანის პორტები.
  • 2026 წლის 7 აპრილიდან აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით.
  • დროებითი ზავის გამოცხადების შემდეგ იყო რამდენიმე ინციდენტი, თუმცა მთლიანობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG