Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა დაიწყო უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის პროცესი

ევროკავშირის, უკრაინის და მოლდოვის დროშები
ევროკავშირის, უკრაინის და მოლდოვის დროშები

ევროკავშირმა ოფიციალურად დაიწყო მზადება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გასახსნელად.

კვიპროსმა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა, წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის სხდომის შემდეგ, 3 ივნისს ღამით გამოაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გასახსნელად მზადება დაწყებულია, რაც საეტაპო მნიშვნელობის მოვლენაა ამ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ადასტურებს ევროკავშირის ერთიანობას და სიმტკიცეს.

უახლოესი დღეების განმავლობაში საბჭოში გაგრძელდება მსჯელობა მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გასახსნელად.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ევროკავშირის საერთო პოზიცია მომავალ კვირაში დამტკიცდება.

მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნა იგეგმება 15 ივნისს, როცა ლუქსემბურგში უნდა გაიმართოს მთავრობათაშორისი კონფერენციები უკრაინისა და მოლდოვისთვის.

ევროკავშირში უკრაინის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა. ის 2026 წლის აპრილში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიცვალა.

უნგრეთის ახალ მთავრობას პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით უკრაინის ევროინტეგრაციის მიმართ კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია არ აქვს.

მადიარმა 3 ივნისს განაცხადა, რომ კიევთან მიღწეულია შეთანხმება უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გასაფართოებლად, უკრაინის ვალდებულებები სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს და თუ ეს მოხდება, უნგრეთი მხარს დაუჭერს ევროკავშირში გასაწევრებლად უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დაწყებას.

  • „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრობის განაცხადი პირველმა უკრაინამ წარადგინა რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს. 3 მარტს განაცხადები წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.
  • 2022 წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა.
  • 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გაწევრების საკითხზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, ხოლო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
  • 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
  • ევროკავშირს „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შეჩერებული აქვს, რადგან მისი პოლიტიკა, ბრიუსელის თანახმად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და გაწევრების მიზნით ნაკისრ ვალდებულებებს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG