რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა დღეს, 5 ივნისს, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებს, რომ 3+3 ფორმატში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთ, თურქეთი, ირანი) მომავალი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბაქოში ან ერევანში გაიმართება.
საუბრისას მან საქართველოც ახსენა, თქვა, რომ „საქართველო რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად, რომლის გარეშეც „3+3-ის პერსპექტივები ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულყოფილი იყოს”.
გალუზინი დისკუსიაში საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობას განსაკუთრებით მიესალმა.
„მსურს განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს დისკუსიაში საქართველოს საექსპერტო წრეების წარმომადგენლის მონაწილეობას. ჩვენთვის, ისევე როგორც, დარწმუნებული ვარ, პლატფორმის ყველა მონაწილისთვის, საქართველო მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, რომლის გარეშეც 3+3-ის პერსპექტივები ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულყოფილი იყოს. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ოფიციალური თბილისიც ჩაერთვება ჩვენს მუშაობაში“, - თქვა გალუზინმა.
3+3 ფორმატის „პირველი საექსპერტო შეხვედრა“, რომელზეც გალუზინი საუბრობდა, სანქტ-პეტერბურგის „საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში 5 ივნისს ეწყობა.
სესია ორგანიზებულია მ. გორჩაკოვის სახელობის საზოგადოებრივი დიპლომატიის ფონდისა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩინეთისა და თანამედროვე აზიის ინსტიტუტის მიერ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
"გორჩაკოვის ფონდი" 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, მედვედევის ბრძანებით შექმნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის "რბილი ძალის" გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
ვინ მონაწილეობს საქართველოდან სესიაში
"3+3 პლატფორმა: საერთო გამოწვევები და სტრატეგიული პარტნიორობა" - ამ სახელწოდების სესიაში, ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაწილეთა სიის მიხედვით, საქართველოდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორი" ნიკოლოზ მეტრეველი მონაწილეობს.
ნიკოლოზ მეტრეველი, რეესტრის მიხედვით, "თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" გამგეობის თავმჯდომარეა - ეს ორგანიზაცია 2010 წელსაა რეგისტრირებული.
რაც შეეხება ორგანიზაციას, რომლის სახელითაც ფორუმში ნიკოლოზ მეტრეველის მონაწილეობაა მითითებული, ღია წყაროებში ქართულად არ იძებნება, რუსულ ენაზე - კი. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
ნიკოლოზ მეტრეველი პოზიციონირებს, როგორც ანალიტიკოსი. ამ რანგში ის მართავს პრესკონფერენციებს სხვადასხვა მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხზე. მისი განცხადებების შინაარსი პროსახელისუფლებო ნარატივებს ემთხვევა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს პროსახელისუფლებო მედია საკმაოდ ხშირად ავრცელებს ხოლმე.
რადიო თავისუფლება ცდილობს დაუკავშირდეს ნიკოლოზ მეტრეველს, ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
განახლება:
მან მოგვიანებით მოგწერა, რომ პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფი დაუკავშირდა და მონაწილეობა შესთავაზა. "ღონისძიების ოფიციალური მასპინძელი იყო საუდის არაბეთი",- მოსწერა ნოკოლოზ მეტრეველმა რადიო თავისუფლებას.
"მე წარმოვადგენდი კონკრეტულად ჩემ თავს და რაც ვისაუბრე არის პირადად ჩემი მოსაზრება", - უპასუხა მეტრევლმა რადიო თავისუფლებას.
"სამ-ნახევარმილიონიან ქვეყანას უნდა ესმოდეს, რომ მსოფლიო მის გარშემო არ ბრუნავს" - ნიკოლოზ მეტრეველი
მის კომენტარს ფორუმში მონაწილეობის შესახებ ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული არხი ავრცელებს.
მეტრეველი ამბობს, რომ "ძალიან მოხარულია" ფორუმში მონაწილეობით, რომელზეც "ბევრი საინტერესო აზრი მოისმინა" "რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების, ექსპერტებისა და მეცნიერების მხრიდან". მისი სიტყვებით, საქართველომ, 3,5-მილიონიანმა ქვეყანამ თავისი ხედვა და სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.
"როცა შენ გარშემო რაღაც ხდება და ჩემს ქვეყანაში სამ-ნახევარი მილიონი ადამიანია და მის გარშემო 5 დიდი ქვეყანა რაღაცებს განიხილავს, ამაზე უნდა ვიფიქროთ და გარკვეული სტრატეგია შევიმუშაოთ. პირველი რიგში, ამისთვის ჩამოვედი, რომ გავიგო, რა სარგებელი შეიძლება ნახოს საქართველომ აქედან. საერთოდ გავიგო რა ხდება, ვინაიდან, სიმართლე ვთქვათ, საქართველოში არ არის ინფორმაცია, გაგება იმისა, თუ რას წარმოადგენს ეს ფორმატი და რა განვითარება ექნება", - ამბობს ნიკოლოზ მეტრეველი და ხაზს უსვამს, რომ "საქართველო მხარს არ უჭერს ამ ფორმატს".
მეტრეველის თქმით, ის მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიას და მის პოზიციასთან "აბსოლუტურ თანხვედრაშია", მაგრამ ამბობს, რომ როცა "ოთახში სპილოა, მაგრამ ამბობ, რომ ოთახში სპილო არ არის - ეს არარეალური და არასერიოზულია".
"აქ სერიოზული ძვრები ხდება ყველა მიმართულებით, რუსეთსა და სომხეთსაც ახლა გაურკვეველი ურთიერთობა აქვთ, ირანში ომია და ამ კუთხით ბევრი გაურკვევლობაა. ამიტომაც ვარ აქ, რომ მოვისმინო მოსაზრებები, ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ომი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება. უნდა ვისაუბროთ და განვიხილოთ. 3,5-მილიონიან ქვეყანას უნდა ესმოდეს, რომ მსოფლიო მის გარშემო არ ბრუნავს, ყველაფერზე პრაგმატული ფიქრია საჭირო და საჭიროა სტრატეგიულად ფიქრი გრძელვადიანად", - ამბობს მეტრეველი.
„პოზიცია ცნობილია“ - საგარეო
ოფიციალური თბილისი დაარსების დღიდან უარს ამბობს 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე, რისი საფუძველიც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების სამხედრო ოკუპაციაა.
„საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში”, - განაცხადეს 4 ივნისს საქართველოს საგარეო უწყებაში.
„კარი ღიაა“
ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, მეორე - 2023 წელს თეირანში, მესამე კი - თურქეთში. იყო კიდევ არაერთი შეხვედრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა.
მოლაპარაკებების ამ ფორმატში საქართველოს ჩართვას თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც ეცადა, თუმცა უშედეგოდ.
„რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მხოლოდ ერთი ფორმატი გაგვაჩნია – ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთსვე ელაპარაკებიან კონფლიქტის შესახებ და ამ ფორმატში წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ძალიან ღირებული ფორმატია ჩვენთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა 2025 წლის 12 აპრილს მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ფორუმი