Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი საქართველოში ირანის გავლენებზე სტატიას აქვეყნებს

ირანის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავზე ირანის დროშის ფერებში განათებული თბილისის ანძა - 12 თებერვალი, 2026 წელი
ირანის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავზე ირანის დროშის ფერებში განათებული თბილისის ანძა - 12 თებერვალი, 2026 წელი

მოკლედ

  • ისრაელის გამოცემა Israel Hayom აქვეყნებს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩევლის, არიელ ბოლშტეინის ვრცელ სტატიას საქართველოში ირანის მზარდი გავლენების შესახებ - სტატია დიდწილად ამერიკული ჰადსონის ინსტიტუტის ამავე თემაზე მომზადებულ კვლევას ეყრდნობა.
  • იურისტი და პოლიტიკური მიმომხილველი არიელ ბოლშტეინი 2019 წელს დაინიშნა ნეთანიაჰუს მრჩევლად ემიგრაციის საკითხებში.
  • საქართველოზე ის წერს, "ებრაელების საყვარელ ადგილას ირანი ახალ ფილიალს ხსნის" და პარალელს ავლებს ლიბანთან, იემენთან და ერაყთან", სადაც ასევე გავლენის მძლავრი ინფრასტრუქტურა შექმნა "აიათოლას რეჟიმმა."

„ისრაელმა მწარე გამოცდილებით ისწავლა, თუ რა ხდება, როდესაც ირანის ინფრასტრუქტურას შეუფერხებლად განვითარების საშუალება ეძლევა", - ეუბნება სტატიის ავტორს ჰადსონის უნივერსიტეტის მკვლევარი და საქართველოში ირანის გავლენებზე ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ლუკ კოფი.

ის თვლის, რომ თუკი "ქართულ ოცნებას" ტრამპის ადმინისტრაციისთვის სერიოზული გზავნილების გაგზავნა სურს, უნდა გადადგას სერიოზული ნაბიჯები ირანული ქსელის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო და რელიგიურ ორგანიზაციებს, ისე საქველმოქმედო ფონდებს და ბიზნესკომპანიებს.

"ჩვენ უნდა ვნახოთ არა რაიმე სიმბოლური ნაბიჯი, არამედ მათი რეალური და სრული დემონტაჟი, რადგან პროირანული ქსელების არსებობა არც ამერიკის ინტერესებს ემსახურება და არც საქართველოსას", - ამბობს მკვლევარი და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მათი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ "ირანელი აგენტების მიმართ მკაცრი რეაგირების ნაცვლად", ანგარიშის ავტორებზე გაბრაზდნენ.

სტატიაში ირანის გავლენის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად განხილულია ირანული ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული ფილიალები.

იქვე ნახსენებია რადიო თავისუფლების მასალა, რომლის გმირიც, ანონიმი ახალგაზრდა კაცი ჰყვებოდა თავის გამოცდილებას, როგორ შესთავაზეს ირანში პილიგრიმად წასულს ხამენეის დავალებების შესრულება და ირანის სასარგებლოდ მუშაობა. სტატიაშივეა ნათქვამი, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც უვიზოდ გადაადგილება შეუძლიათ ევროპის ქვეყნებში, იქ კი, სადაც ვიზა სჭირდებათ, უფრო ადვილად იღებენ, ვიდრე ირანის სხვა მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეები, განსაკუთრებით საინტერესონი არიან გუშაგთა კორპუსის დავალებების შესასრულებლად.

სტატიაში ნათქვამია, რომ ისრაელმა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად უნდა გასწიოს ძალისხმევა საქართველოში ირანის გავლენის შესასუსტებლად.

საქართველოს ხელისუფლება ირანის გავლენებზე საუბარს სახელმწიფო ინტერესების ღალატად მიიჩნევს - ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც ამ ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი კანდელაკი, ასევე ის ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ირანის თემაზე საჯაროდ საუბრობდნენ, სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG