Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეს აეს-ის რაიონში დროებითი ზავი ამოქმედდა სარემონტო სამუშაოებისთვის

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქალაქ ელნერგოდარის მახლობლად. 2009 წლის ივლისი.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქალაქ ელნერგოდარის მახლობლად. 2009 წლის ივლისი.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღეს სადგურის ელექტროგადამცემ ხაზებზე რემონტის ჩასატარებლად. როგორც იტყობინებიან, რემონტი აუცილებელია „ბირთვული ავარიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად“. ზავის მიღწევა მოხერხდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შუამავლობით. ამის შესახებ პარასკევს, 5 ივნისს გახდა ცნობილი.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ზედამხედველობით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ორივე მხარის სპეციალისტები უახლოეს დღეებში დაიწყებენ ომის შედეგად დაზიანებული 750 კილოვოლტის ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის, „დნეპროპეტროვსკაიას“ შეკეთებას, რეგიონში ფართომასშტაბიანი განაღმვითი სამუშაოების შემდეგ“, ნათქვამია განცხადებაში. ცნობაში მითითებულია, რომ ხაზი ორი თვის წინ გათიშეს, რის გამოც „ევროპის უდიდესი აესი მთლიანად არის დამოკიდებული ერთადერთ 330 კილოვოლტიან ხაზზე“. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ზაპოროჟიეს აესმა რამდენჯერმე დაკარგა წვდომა ამ ხაზზე, რის გამოც იძულებული ხდებოდნენ, საავარიო დიზელის გენერატორები გამოეყენებინათ.

ეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მეექვსე შემთხვევაა 2025 წლის შემდეგ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ყოველ მათგანს უთანხმებდა როგორც რუსეთს, ისე უკრაინას. ამჯერად მოლაპარაკებები „დელიკატური და რთული“ იყო, რამდენიმე კვირას გრძელდებოდა, მაგრამ ორივე მხარე „კონსტრუქციულად თანამშრომლობდა“ ორგანიზაციასთან.

ზავი 5 ივნისს დილის 6 საათზე ამოქმედდა და, როგორც ვარაუდობენ, 23 ივნისამდე გაგრძელდება, განაცხადა სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მარტის ბოლოდან მიმდინარეობდა.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან. სადგურს რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია მართავს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG