Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩმა დარჩიაშვილმა ბრიტანეთის მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ილია დარჩიაშვილმა ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამეს რწმუნებათა სიგელები 4 ივნისს გადასცა
ილია დარჩიაშვილმა ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამეს რწმუნებათა სიგელები 4 ივნისს გადასცა

საქართველოს მიერ გაერთიანებულ სამეფოში ელჩად დანიშნულმა ილია დარჩიაშვილმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

5 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, დარჩიაშვილმა 4 ივნისს გადასცა ჩარლზ მესამეს რწმუნებათა სიგელები.

მისი ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის 31 მარტს გაავრცელა საგარეო უწყებამ.

რაზე ისაუბრეს - თბილისის ცნობა

საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, მეფე ჩარლზ III-სთან აუდიენციისას, „განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები“.

„ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს“, - წერს საელჩო.

დამატებით მხოლოდ იმას წერს, რომ მეფე ჩარლზ III-მ ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა „ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში“.

ბრიტანულ მხარეს აუდიენციის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ურთიერთობები სახარბიელო არ არის

დიდი ბრიტანეთის საელჩომ არაერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით (კანონები, რომლებიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას).

ამის გამო ბრიტანეთის ელჩი „ქართული ოცნების“ მთავრობამ შიდა საქმეებში ჩარევაშიც არაერთხელ დაადანაშაულა.

„საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა - როგორც პოლიტიკოსს“, - თქვა 2025 წლის 25 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა.

ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი სამინისტროში მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დაიბარა მიმდინარე წლის 26 თებერვალსაც, პროსახელისუფლებო ტელეკომპანიების, „იმედისა“ და PosTV-ის სანქცირებიდან ორი დღის შემდეგ.

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ დაწესებული სანქციის მიზეზად დასახელებულია „დეზინფორმაცია“ უკრაინასთან დაკავშირებით.

ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-სთან დაკავშირებით“.

უფრო ადრე, 2025 წლის 10 აპრილს, ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა გენპროკურორსა და სამ მაღალჩინოსანს:

  • გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს;
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს;
  • შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის (ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის) მოადგილე მირზა კეზევაძეს;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კარლო კაციტაძეს.

გერმანიის საკითხი

აღსანიშნავია, რომ თბილისისადმი კრიტიკულად განწობილ კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში საქართველოს მიერ დანიშნულ ელჩს ჯერაც არ გადაუცია რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტისათვის.

ალექსანდრე კარტოზია, რომელიც თბილისმა 2025 წლის სექტემბერში დანიშნა გერმანიაში საქართველოს ელჩად, გერმანიის ხელისუფლებისგან ჯერაც ელის აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას.

„საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში 1 ივნისს.

თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ „რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაჰბარდა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG