ევროკომისია აცხადებს, რომ გამოვა წინადადებებით რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ვიზების გაცემის კიდევ უფრო გამკაცრების თაობაზე. მანამდე ამ შინაარსის მოთხოვნა გამოთქვა შენგენის ზონის თერთმეტმა სახელმწიფომ - მათ უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოება, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებული ომისა და მანამდე შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა კვლავ აქტიურად გასცემს ტურისტულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე.
"ჩვენ გამოვალთ წინადადებებით შემოღებულ იქნეს მიზანმიმართული შემზღუდავი სავიზო ზომები, უსაფრთხოების იმ პრობლემების სამომავლოდ გადაჭრის მიზნით, რომლებიც ჩნდება მესამე ქვეყნების მტრული მოქმედებების შედეგად" - მიგრაციის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენლის, მარკუს ლამერტის ამ სიტყვებს ავრცელებს Euronews-ი. მისი თქმით, ახალი ზომები შესაძლოა 2027 წელს მიიღონ. ლამერტი არ აზუსტებს ამ ზომების შინაარსს, თუმცა ამბობს, რომ ისინი შეზღუდული იქნება, რადგან ამგვარი ვიზების გაცემის საკითხი რჩება ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების პრეროგატივად. სავარაუდოდ, საქმე არ ეხება სრულ აკრძალვას რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე.
რამდენიმე დღის წინ შენგენის ზონის წევრმა 11-მა სახელმწიფომ ევროკომისიას ერთობლივი წერილით მიმართა. ეს ქვეყნებია დანია, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, ფინეთი, ჩეხეთი, შვედეთი და ესტონეთი. მათ მოითხოვეს ახალი "შემზღუდველი და სავალდებულო" სავიზო ზომების "რაც შეიძლება სწრაფად" შემოღება და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები განსხვავებულად უდგებიან რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება რუსეთის მოქალაქეებისთვის არაარსობრივი მოგზაურობისთვის ვიზების შეზღუდვას. კერძოდ, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია კვლავაც აქტიურად გასცემენ ტურისტულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე. საფრანგეთმა 2025 წელს რუსეთის მოქალაქეებზე გასცა 180 ათასამდე ვიზა - რაც ბევრად მეტია წინა წლის მონაცემთან შედარებით; იტალიამ - 160 ათასამდე ვიზა, ესპანეთმა - 100 ათასამდე.
"უაღრესად შემაშფოთებელი სურათია, როცა სულ უფრო მეტი რუსი ტურისტი ისვენებს ევროპის პლაჟებსა და კურორტებზე, მაშინ, როცა რაკეტები და დრონები კვლავ თავს ესხმის უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას" - ნათქვამია წერილში.
Deutsche Welle-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ ამის პასუხად განაცხადა, რომ საერთო ანგარიშით რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული შენგენის ვიზების რაოდენობა შემცირდა ოთხი მილიონიდან (უკრაინაში ომამდე მაჩვენებელი) დაახლოებით ნახევარ მილიონამდე, 2025 წელს, ხოლო მრავალჯერადი ვიზები შეცვალა ერთჯერადებმა.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა გააუქმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის გამარტივებული წესი - გაზარდა მათი გაფორმების საფასური და ფაქტობრივად გამორიცხა მრავალჯერადი ვიზების გაცემის შესაძლებლობა.
ფორუმი