Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქმე სერიოზულად არის“ - უვიზო რეჟიმზე ევროკავშირ-საქართველოს დიალოგი 11 ივნისსაა დაგეგმილი, გადაწყვეტილებას 2027 წლის იანვარში ელიან

ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას კიდევ ერთხელ გადახედავს. ფოტო: ევროკავშირისა და საქართველოს დროშები თბილისის შენობის კედლებზე
ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას კიდევ ერთხელ გადახედავს. ფოტო: ევროკავშირისა და საქართველოს დროშები თბილისის შენობის კედლებზე

2026 წლის 11 ივნისს, ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი საქართველოსთან ბოლო წლებში უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების, ურთიერთბრალდებების, სავიზო სანქციების, საქართველოს „დემოკრატიული უკუსვლის“ არაერთხელ ხაზგასმისა და კურსის ცვლილებაზე უშედეგო მოწოდებების ფონზე ჩატარდება.

რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ბრიუსელის წყაროების ცნობით, 2027 წლის იანვარში, - სავიზო რეჟიმზე დეკემბრის წლიური ანგარიშის კვალდაკვალ, - ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას.

უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ სჭირდება 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, ანუ კონსენსუსი, და გადაწყვეტილება „კვალიფიციურმა უმრავლესობამ“ - ანუ დაახლოებით ნახევარზე ოდნავ მეტმა ქვეყანამაც, - შეიძლება მიიღოს.

თბილისი ამას უსამართლოს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა „ეგზისტენციალური საკითხი“ არ არის. პარალელურად, ევროკავშირი მუშაობს უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე საქართველოს მეზობელი სომხეთისათვის.

11 ივნისის დიალოგი

2026 წლის 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილია ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას შეეხება.

რადიო თავისუფლებას ბრიუსელში ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა უთხრა, რომ შეხვედრის მიზანია, საქართველოს გააგებინოს, რომ „საქმე სერიოზულად არის“.

შეხვედრის ფართო კონტექსტი ასეთია:

  • საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 2017 წლის მარტიდან მოქმედებს - 9 წელიწადზე მეტია;
  • თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობა ითვალისწინებს სპეციალურ „შეჩერების მექანიზმს“;
  • მისი გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია და წევრი სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა აღარ ასრულებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზეც უვიზო რეჟიმი მიიღო;
  • ბოლო წლებში ბრიუსელი სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას - დემოკრატიული სტანდარტების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობის გამო.
  • ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებსა და განცხადებებში ხშირად აღნიშნულია „დემოკრატიული უკუსვლა“.

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის წლიურ, ბოლო, 2025 წლის 19 დეკემბრის ანგარიშში ევროკომისია მიუთითებდა, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

შემდეგ წერდა, რომ ამ მოწოდებების მიუხედავად, საქართველომ „დაარღვია ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეშვიდე (2024 წლის) ანგარიშის რეკომენდაციები“.

ამ ფონზე, 11 ივნისის შეხვედრა განიხილება, როგორც ბოლო გაფრთხილება.

2026 წლის ბოლო - 2027 წლის დასაწყისი

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბრიუსელში ასეთი სცენარი წარმოუდგენიათ საქართველოსთან დაკავშირებით:

  • 2026 წლის 11 ივნისი - დიალოგი საქართველოსთან;
  • 2026 წლის დეკემბერი - ევროკომისიის მიერ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება. ეს ანგარიში, - თუკი თბილისმა არაფერი შეცვალა მოწოდებების მიუხედავად, - სავარაუდოდ, გაიმეორებს ყველა იმ მკაცრ და უარყოფით ფორმულირებას, რაც წინა ორ ანგარიშში ჰქონდა ევროკომისიას.
  • და სწორედ ეს ანგარიში შეიძლება დაედოს საფუძვლად საბოლოო გადაწყვეტილებას.
  • 2027 წლის იანვარი - საბოლოო გადაწყვეტილების თარიღი, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კენჭს უყრიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შენარჩუნების ან შეჩერების თაობაზე.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ - განსხვავებით პერსონალური სანქციების დაწესებისაგან, - ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობით.

ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა საჭირო არ არის. საკმარისია ევროკავშირის საბჭოში საჭირო რაოდენობის ქვეყნების მხარდაჭერა (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 55%, რაც ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65%-ს შეადგენს).

ამგვარად, საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე სახელმწიფოს, - მათ შორის უნგრეთის, სლოვაკეთისა და იტალიის, - არსებობა ავტომატურად ვერ დაბლოკავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, თუ წევრთა უმრავლესობა და ევროკომისია საპირისპირო პოზიციას დაიკავებენ.

ვინ დაესწრება დიალოგს საქართველოდან?

11 ივნისის შეხვედრა ერთგვარი „ბოლოსწინა ხაზია“ საქართველოსთვის [უვიზო რეჟიმის შესაძლო დაკარგვამდე] - უთხრეს რადიო თავისუფლებას წყაროებმა ბრიუსელში.

ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა გვითხრა, რომ იმედი აქვთ, თბილისი გამოუშვებს „ვინმე შესაბამის ადამიანს“, - ისეთს, ვისთანაც კონსტრუქციული საუბარი იქნება შესაძლებელი, რათა დიალოგი შედგეს და არ მოხდეს იგივე, რაც 2025 წელს „ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის“ მცდელობისას მოხდა.

  • საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 2025 წლის 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა;
  • მიზეზი ქართულ დელეგაციაში რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ სანქცირებული პირის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის ყოფნა გახდა - რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს;
  • საქართველოს საგარეო უწყებამ მაშინ განაცხადა, რომ შეხვედრა ჩაიშალა, რადგან „ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით, თუ ვინ იქნება ქართულ დელეგაციაში 11 ივნისის შეხვედრისას. ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

ეს მთელს მოსახლეობას შეეხება

თუ ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერებას გადაწყვეტს, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის კვლავ ვიზების აღება მოუწევთ.

ეს არ ნიშნავს ევროკავშირში მოგზაურობის სრულ აკრძალვას, მაგრამ მნიშვნელოვნად გაართულებს იმას, რასაც 9 წელია, საქართველოს მოქალაქეები მარტივად ახერხებდნენ:

  • ტურისტულ ვიზიტებს;
  • საქმიანი მიზნით მოგზაურობას;
  • სტუდენტურ და აკადემიურ გაცვლებს;
  • ოჯახურ და პირად ვიზიტებს, - განსაკუთრებით მიგრაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე.

ასეთი გადაწყვეტილება პრაქტიკულადაც და პოლიტიკურადაც ძლიერი სიგნალი იქნება.

ალტერნატივა - რა სურს ევროკავშირს?

2025 წლის 17 დეკემბერს ევროკავშირის 26-მა წევრმა ქვეყანამ ერთობლივად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება“.

ევროკავშირის საბჭომ - უნგრეთის გამოკლებით - მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას:

  • „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი,
  • გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა,
  • მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად,
  • შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად“.

ოფიციალური თბილისი უარს აცხადებს ამ მოთხოვნების შესრულებაზე, უწოდებს შიდა, სუვერენულ საქმეებში ჩარევას და „შანტაჟად“ აფასებს.

ამ კონკრეტული მოთხოვნების შეფასებისას, 2025 წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

„ყველა მიმართულებით ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალზე და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რაც ხორციელდება ქართველი ხალხის და ქართველი სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

რადიო თავისუფლებამ საგარეო უწყებას ამჯერად ჰკითხა, რას ელის 11 ივნისის შეხვედრიდან და როგორ აფასებს 2027 წლის იანვარში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების პერსპექტივას. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 17 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება ქვეყნისთვის „ეგზისტენციალურ საკითხს“ არ წარმოადგენს, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისგან განსხვავებით.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG