Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არჩევნები სამორინე არ არის, ეს პოლიტიკური ბრძოლაა“ — არაიკ არუთინიანი დაკავებებსა და ჩხრეკებზე

არაიკ არუთინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
არაიკ არუთინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

„აქ რაიმე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარიც კი ზედმეტია. ადამიანებმა დიდი თანხები დადეს ფსონად და ამისთვის უნდა დაისაჯონ, რადგან არჩევნები სამორინე არ არის, არჩევნები პოლიტიკური ბრძოლაა, რომელშიც პოლიტიკური ძალები მონაწილეობენ და ან მოიპოვებენ მოქალაქეთა ხმებს, ან ვერ მოიპოვებენ“, — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა არაიკ არუთინიანმა 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის კითხვის პასუხად.

არჩევნების მიმდინარეობის შეფასებისას არუთინიანმა აღნიშნა, რომ პროცესები “ძალიან კარგად“ მიმდინარეობს, თუმცა დაამატა:

„ვხედავთ, რომ ზოგიერთი პარტნიორი და მედია არჩევნების ირგვლივ ზედმეტ აჟიოტაჟს ქმნის.“

სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ წარმომადგენელმა არუსიაკ ჯულჰაკიანმაც განაცხადა: „ჩვენ შევაჩერებთ ამომრჩევლის მოსყიდვის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას და არ დავუშვებთ წინა მანკიერი მორალის დაბრუნებას.“

ამომრჩეველთა აქტივობის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა თქვა:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ძირითადად მოქმედი ხელისუფლების მუშაობის შეფასებაა. თუმცა ვფიქრობ, დაემატა კიდევ ერთი ფაქტორიც — ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ზოგჯერ არჩევნების მიმართ გულგრილნი არიან, საარჩევნო უბნებზე მივიდნენ, რადგან დაინახეს, რომ გარკვეული უცხოური ძალები, ჩვენი ორმაგი მოქალაქეობის მქონე თანამოქალაქეების გამოყენებით, სომხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური ვითარების შეცვლას ცდილობენ. ადამიანმა სახლიდან გამოსვლისას თქვა: „მე ვარ გადამწყვეტი მოქალაქე და წავალ ხმის მისაცემად“.

7 ივნისს, არჩევნების დღეს, სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩხრეკა და დაპატიმრებები ჩატარდა. სომხური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის ხუთ საათზე გაჩხრიკეს ბლოკ „სომხეთის“ შტაბ-ბინა, ხოლო დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი სამართალდამცველებმა დააკავეს.

მედიის ცნობით, ჩხრეკა ასევე ჩატარდა ადამიანის უფლებათა დამცველის, კარაპეტ პოღოსიანის ბინაში და „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინაში. აღნიშნულ ფაქტს მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ოპოზიციის ლიდერი, სამველ კარაპეტიანი. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი უხერხული ქმედებაა ალიანსის წინააღმდეგ.

„დაკავებულ თანამებრძოლებთან ახლა ადვოკატები იმყოფებიან. ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს. როგორია ჩემი გეგმა, ამის შესახებ ხვალ გავცემ პასუხს, დღეს ეს ცოტა საშიშია. მე ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, ხალხსაც საბრძოლო შემართება აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სამართლიან პირობებში ჩატარდეს. მოდით, ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენ გადავწყვიტოთ, ქვეყნის შიგნით და არა გარედან კარნახით“, – განაცხადა კარაპეტიანმა.

7 ივნისს სომხეთში პარლამენტის არჩევნები იმართება. არჩევნებში მონაწილეობს 18 პოლიტიკური ძალა — 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სომხეთის 2 485 851 მოქალაქეს.

არჩევნებში მონაწილე ძირითადი და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტები:

  • „სამოქალაქო შეთანხმება“ (Civil Contract): მოქმედი მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით. მათი პლატფორმა ევროკავშირთან დაახლოებასა და დასავლურ ორიენტაციას ეფუძნება.
  • ბლოკი „სომხეთის ალიანსი“ (Armenia Alliance): მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს.
  • ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ (Strong Armenia): ახალი გავლენიანი პრორუსული გაერთიანება, რომლის ზურგს უკანაც მოსკოვში მოღვაწე მილიარდერი სამველ კარაპეტიანი დგას.
  • „აყვავებული სომხეთი“ (Prosperous Armenia): მსხვილი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გაგიკ წარუკიანის პარტია, რომელიც ასევე მკვეთრად ოპოზიციურ და პრორუსულ ფლანგზე პოზიციონირებს.
  • „ერთობის ფრთები“ (Wings of Unity): ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოფილმა ომბუდსმენმა არმან თათოიანმა დააფუძნა.
  • „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ (ANC): პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტია.

ყოფილი მმართველი ძალა, სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკური პარტია“, ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში არ მონაწილეობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის ძირითადი კონკურენტები პრორუსული ძალები არიან. მათ რიგებშია კრემლის რჩეული - დაპატიმრებული მილიარდერის სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური ალიანსი.





ფორუმი

XS
SM
MD
LG