ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ წინასწარი ლიდერობა სომხეთის 2005 საარჩევნო უბნიდან 110-ში მოიპოვა.
კვირას გამართული არჩევნები, სომხეთის პირველი საყოველთაო არჩევნებია 2023 წელს აზერბაიჯანთან სამხედრო დამარცხების შემდეგ.
ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე სომხეთის მოქალაქეების 58,7%-მა პროცენტმა, ანუ 1 467 597 ადამიანმა.
მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლა.
არჩევნებში მონაწილეობდა 18 პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კენჭისყრის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხურ პროდუქციას საბაჟო გადასახადის გარეშე გაუხსნის გზას.
არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მმართველი პარტია ლიდერობდა, რომელსაც ამომრჩეველთა 32%-მდე უჭერდა მხარს, ხოლო „ძლიერი სომხეთი“ მეორე ადგილზე იყო 11%-მდე ხმებით.
არჩევნებში მონაწილე ძირითადი და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტები:
- „სამოქალაქო შეთანხმება“ (Civil Contract): მოქმედი მმართველი პარტია პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით. მათი პლატფორმა ევროკავშირთან დაახლოებასა და დასავლურ ორიენტაციას ეფუძნება.
- ბლოკი „სომხეთის ალიანსი“ (Armenia Alliance): მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს.
- ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ (Strong Armenia): ახალი გავლენიანი პრორუსული გაერთიანება, რომლის ზურგს უკანაც მოსკოვში მოღვაწე მილიარდერი სამველ კარაპეტიანი დგას.
- „აყვავებული სომხეთი“ (Prosperous Armenia): მსხვილი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გაგიკ წარუკიანის პარტია, რომელიც ასევე მკვეთრად ოპოზიციურ და პრორუსულ ფლანგზეა.
- „ერთობის ფრთები“ (Wings of Unity): ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოფილმა ომბუდსმენმა არმან თათოიანმა დააფუძნა.
- „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ (ANC): პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტია.
ყოფილმა მმართველმა ძალამ, სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკურმა პარტიამ“, ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მასში არ მონაწილეობდა.
სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის ძირითადი კონკურენტები პრორუსული ძალები არიან. მათ რიგებშია კრემლის რჩეული - დაპატიმრებული მილიარდერის სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური ალიანსი.
ფორუმი