ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, 8 ივნისს ირანის დასავლეთსა და ცენტრში დაბომბეს სამხედრო ობიექტები, ხოლო სამხრეთ-დასავლეთში - მაჰშარის ნავთობქიმიური კომპლექსი.
ამ ქარხანაზე შეტევით გამოწვეული ნგრევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ირანის სახელმწიფო მედიამაც.
ისრაელმა ირანზე დარტყმების განახლებას უწოდა პასუხი ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ისრაელზე 7 ივნისს განხორციელებულ სარაკეტო შეტევაზე. თავის მხრივ, თეირანმა განაცხადა, რომ ეს შეტევა იყო პასუხი ისრაელის არმიის მიერ ლიბანში ჰეზბოლას ობიექტების მორიგ დაბომბვაზე. ისრაელის თანამად, ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებს ამ დაჯგუფების შეტევის პასუხად დაარტყა.
ირანის ძალებმა ისრაელზე შეტევა მიიტანეს 8 ივნისს დილითაც. ისრაელის თავდაცვის არმიამ დაადასტურა სარაკეტო შეტევა ირანის მოკავშირე იემენელი ჰუთების მხრიდანაც. ისრაელის არმიის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ ეს შეტევები მოიგერია.
- ისრაელის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰეზბოლამ უარყო ლიბანსა და ისრაელს შორის აშშ-ის შუამავლობით ვაშინგტონში 2-3 ივნისს გამართული მოლაპარაკების შედეგად მიღწეული ბოლო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
- 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზეზად დაასახელეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობით გამოწვეული საფრთხე. თეირანი ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას სამოქალაქო მიზნები აქვს.
- ირანმა აშშ-ისრაელის ოპერაციას უპასუხა დარტყმებით ისრაელსა და აშშ-ის მოკავშირე მეზობელ ქვეყნებზე და მსოფლიო ბაზრებისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემა და გაძვირება გამოიწვია.
- თავის მხრივ, აშშ-მა დაბლოკა ირანის პორტები.
- 2026 წლის 7 აპრილიდან აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით. თეირანის მოთხოვნა იყო ისრაელს შეეწყვიტა სამხედრო ოპერაცია ლიბანში, რადიკალური მოძრაობა ჰეზბოლას წინააღმდეგაც.
- 16 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ არის შეთანხმება ლიბანში დროებითი ზავის შესახებაც. ერთი თვის შემდეგ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 45 დღით გაგრძელდა, თუმცა მალევე დაირღვა.
ფორუმი