სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი, ბრიტანელი იურისტი კარიმ ხანი თანამდებობას ჩამოაშორეს.
გადაწყვეტილების საფუძველია ბრალდება სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელსაც თავად კარიმ ხანი კატეგორიულად უარყოფს.
კარიმ ხანისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება 8 ივნისს ხმათა უმრავლესობით მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე ქვეყნების ასამბლეის ბიურომ.
საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით ასამბლეა მიიღებს სპეციალურ სესიაზე.
- პროკურორი კარიმ ხანი იყო ICC-ს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერების გაცემის ინიციატორი.
- პუტინის დაკავების ორდერი 2023 წლის მარტში გაიცა, ხოლო ნეთანიაჰუს - 2024 წლის ნოემბერში.
2024 წელს ცნობილი გახდა, რომ კარიმ ხანს თანამშრომელი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. თავად ხანმა განაცხადა, რომ ვარაუდები მსგავსი დარღვევების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
პროკურორის წინააღმდეგ დისციპლინური გამოძიება დაიწყო. კარიმ ხანმა ადმინისტრაციული შვებულება აიღო.
კარიმ ხანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(მას ჰააგის სასამართლოსაც უწოდებენ) პროკურორი გახდა 2021 წლის ივნისში. მისი ხელმძღვანელობით 2022 წელს დასრულდა გამოძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზეც და სასამართლოს წარედგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა დაკავების ორდერები.
ფორუმი