პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე წარდგენილი მტკიცებულებები.
შემთხვევა შარშან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ კაცმა ყოფილი ცოლი "წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში" დაჭრა და "შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა".
კაცი მიიმალა, ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
34 წლის თათია ლომინაძე თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იყო მოთავსებული, როგორც ექიმი ამბობდა, მას სხეულის ნახევრის - 40-45%-ის როგორც თერმული, ასევე ქიმიური დაზიანება და სხვადასხვა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდა.
ქალი რამდენიმე დღეში 2025 წლის 2 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
- შსს-ს სტატისტიკით - 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემულია 404 შემაკავებელი ორდერი. ოჯახში ძალადობის სტატისტიკა 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ასე გამოიყურება - სულ გამოცემულია 4034 შემაკავებელი ორდერი. აქედან, 1158 იყო ფიზიკური ძალადობა. ღია წყაროებში ფემიციდის 2025 წლის სტატისტიკა ჯერ არ იძებნება. პროკურატურის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლიდან 2024 წლამდე დათვლილია ფემიციდის 241 შემთხვევა.
- ფემიციდი ეს არის ქალების და გოგოების განზრახ მკვლელობა იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან. ფემიციდის შემთხვევების უმეტესობა პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების მიერაა ჩადენილი და ხანგრძლივად მიმდინარე ოჯახში ძალადობას, მუქარას ან დაშინებას, ასევე სექსუალურ ძალადობას მოჰყვება.
- წლების მიხედვით, საქართველოში, ფემიციდის სტატისტიკის დინამიკა აჩვენებს, რომ 2014 წლიდან 2024 წლამდე, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2019 წელს - ფემიციდის 15 შემთხვევა, 2014 წელს – 33. სხვა წლებში ეს რიცხვი ხან მცირედ იკლებდა, ხან იმატებდა. მაგალითად, 2020-ში იყო ფემიციდის 20 შემთხვევა, 2021-ში -18, 2022-ში კი - 22.
ფორუმი