საქმე ეხება ბენ-გვირის მოპყრობას ჰუმანიტარული ფლოტილიის წევრების მიმართ მას მერე, რაც ისინი ისრაელის არმიამ დააკავა ჰუმანიტარული ფლოტილიის ღაზის მიმართულებით ზღვით მოძრაობის დროს.
ეს ინფორმაცია გამოაცხადა სასამართლო წყარომ, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.
Reuters-ის თანახმად, წყარომ დაადასტურა იტალიის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობა, რომ მინისტრ ბენ-გვირის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, რადგან არის ეჭვი, რომ მისი მხრიდან იყო წამების და მძევლად აყვანის ფაქტები ფლოტილიის აქტივისტებს შორის მყოფი იტალიის მოქალაქეების მიმართ. თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ არის ბრალის წაყენების საფუძველი, პროკურატურას შეუძლია ოფიციალური შუამდგომლობა გასწიოს სასამართლო გარჩევის დასაწყებად.
იტალიურ გამოძიებაზე საპასუხოდ, ბენ-გვირმა განაცხადა: „მე არ მოვერიდები არცერთ გამოძიებას და გავაგრძელებ ამაყად დგომას ჩვენი მებრძოლების გვერდით“. „ჩექმის ქვეყანა „ფლიპ-ფლოპების” ქვეყნად იქცა“, - თქვა მათ იტალიის გეოგრაფიულ ფორმაზე მინიშნებით, რომელიც ჩექმას ჰგავს. ამ კომენტარებს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის მძაფრი რეაქცია მოჰყვა.„სიტყვები არ მყოფნის იმაზე კომენტარის გასაკეთებლად, რაც ბენ-გვირმა იტალიასთან დაკავშირებით თქვა. მიუღებელია სიტყვები, რომლებსაც გამომგზავნს ვუბრუნებთ. ისინი მინისტრს არ ეკადრება“, - დაწერა ტაიანიმ 9 ივნისს X-ზე.
ისრაელი და ბენ-გვირი მზარდი საერთაშორისო კრიტიკის სამიზნე გახდნენ მას შემდეგ, რაც მინისტრმა მაისის ბოლოს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, თუ როგორ იდგნენ მუხლებზე დაკავებული ხელებშეკრული აქტივისტები მას შემდეგ, რაც ისრაელმა საერთაშორისო წყლებში გააჩერა ჰუმანიტარული დახმარების ფლოტილია. ისრაელის პოლიციის მიერ დაკავებული 430 აქტივისტს შორის იტალიის მოქალაქეებიც იყვნენ.
ბენ-გვირის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, ოფიცერი აქტივისტს ძალის გამოყენებით აწვენს მიწაზე მას შემდეგ, რაც ის ხმამაღლა ამბობს: „თავისუფალი, თავისუფალი პალესტინა“.
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის მთავრობამ აქტივისტების მიმართ მოპყრობას „მიუღებელი“ უწოდა და ისრაელის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა. შემდგომში იტალიამ ევროკავშირს ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციების განხილვა სთხოვა, ხოლო საფრანგეთმა გადაწყვიტა, აკრძალოს ბენ-გვირის შესვლა ტერიტორიაზე.
ფლოტილიის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე დაწესებული ბლოკადის გარღვევა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, რადგან, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანახმად, რეგიონის მოსახლეობა კვლავაც პროდუქტების დეფიციტს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის 2025 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც დახმარების გაზრდის გარანტიებსაც მოიცავს. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის მიმართ საზღვაო ბლოკადა კანონიერია.
აშშ-ის ინიციატივით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ ღაზაში საომარი მოქმედება დასრულდა, თუმცა მას შემდეგ რამდენიმე ასეულობით პალესტინელი იქნა მოკლული.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთ სასაზღვრო რეგიონში ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ფართო სახმელეთო და საჰაერო საომარი მოქმედება დაიწყო. საზღვრისპირა იერიშის დროს 1200 ადამიანი დაიღუპა და 250 მძევლად წაიყვანეს.
ისრაელის ოპერაციას, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, რომელიც გაეროს მოჰყავს, დაახლოებით 70 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებად იქცა ღაზის სექტორი, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა.
ფორუმი