Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემაძრწუნებლად უშნო მლიქვნელობა, პიროვნების კულტის გამოცხადება - ოპოზიციონერები კობახიძის ბრიფინგზე ივანიშვილის შესახებ

ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამართული ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილის ქებას მიუძღვნა.
ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამართული ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილის ქებას მიუძღვნა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც მან პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ვრცელი საქებარი სიტყვა მიუძღვნა.

„ჩვენ ვიხილეთ შემაძრწუნებლად უშნო მლიქვნელობის საჯარო აქტი“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ (თაზო) დათუნაშვილმა "ტვ პირველთან".

„მთელი ბრიფინგი იყო პანეგირიკი [სახოტბო სიტყვა], ბიძინას ქება-დიდება“, - თქვა „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ.

„პიროვნების კულტის ღია გამოცხადება“

„მნიშვნელოვანი ის კი არ არის, - თუმცა შეიძლება საინტერესო იყოს, - კერძოდ ახლა რამ გამოიწვია ივანიშვილის უკმაყოფილება მის მიერ შერჩეული ამ პოლიტიკური არარაობით“, - განუცხადა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამავე ტელეკომპანიას. „მნიშვნელოვანი არის ის - არა მოულოდნელად, სამწუხაროდ - პიროვნების კულტის ღია გამოცხადება რომ ხდება. „იყო, არის და იქნებაო“, ასე თქვა, ხომ? ეს კომპარტიაზე გვახსოვს მსგავსი [ნათქვამები]“, - თქვა გიგა ბოკერიამ.

„ალბათ, ივანიშვილი უკმაყოფილოა“

„დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა იმ პროცესებით, რაც მის თავს ახლა ხდება“, - მიიჩნევს თაზო დათუნაშვილი.

მისი სიტყვებით, ივანიშვილს „ჰქონდა ილუზია, რომ არსებული სტატუს-კვოთი ახლადშობილი პროვინციული დიქტატურა დალაგდებოდა ცივილიზებულ სამყაროსთან“, თუმცა „შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამ ნათლად აჩვენა, რომ ეს ასე არ არის“.

„ალბათ, განრისხებასთან გვქონდა საქმე და ვიხილეთ საჯარო ცუდად სანახავი მლიქვნელობა, ივანიშვილის 28-ჯერ საკრალიზებულად ხსენებით ამ პრემიერად წოდებული კაცის მიერ, რომელმაც ღიად უთხრა მთელ საქართველოს, რომ ის პირველი პირი არ არის, საქართველოში მეორე პირია“, - თქვა თაზო დათუნაშვილმა.

„სინდისზე ხელის აღება“

„[სატელევიზიო დებატებში] ეტყობა საკმარისად არ აქო და არ ადიდა ბიძინა და ალბათ, საღამოს ეთერის შემდეგ დაურეკა ბიძინამ და რბილად აუხსნა, ეგრე არ გამოვაო, რის გამოც გამოდგეს დღეს და ჩაატარებინეს ბრიფინგი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„მსგავსს, არ ვიცი, მარტო თურქმენეთში თუ ნახავ ან ჩრდილოეთ კორეაში. მაგრამ ყოჩაღ მაინც! მე დავაფასე კობახიძე. მაგის შესრულებას, არ ვიცი... ეგ არ არის უბრალოდ სინდისზე ხელის აღება. რაღაც სხვა ნიჭი სჭირდება“, - თქვა მან.

რა თქვა კობახიძემ?

დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს უწოდა „პოლიტიკის გროსმაისტერი“, რომელიც „გარე მტრების“ და „აგენტურის“ პოლიტიკური თავდასხმების „მთავარი ობიექტია“.

მან განაცხადა, რომ ისინი „ივანიშვილის რეჟიმად“ მოიხსენიებენ დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას; რომ მსგავსი რამ მოისმინა სატელევიზიო დებატებშიც და გადაწყვიტა, „ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე“ საკუთარი პოზიცია გამოეხატა.

ირაკლი კობახიძის თქმითვე, ეს ბრიფინგიც საკუთარი ინიციატივით დაგეგმა და ბიძინა ივანიშვილთან არ შეუთანხმებია.

„მე, როგორც პარტიაში მეორე პირი“

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს „იმ ფარგლებში, რაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის საპატიო როლს შეესაბამება“.

„ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებითად არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში“, - თქვა პრემიერმა.

„ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება“, - თქვა მან და დასძინა:

„მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი იქნებოდა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG