მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ბალაშიხაში 9 ივნისს, დაახლოებით დილის ექვსის ნახევარზე, BMW X3 მარკის ავტომობილის აფეთქების შედეგად მძღოლი დაიღუპა.
ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება.
უწყების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავიატორის საცხოვრებელ მიკრორაიონში ამოქმედდა, „მძღოლმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა“.
გარდაცვლილის ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.
Telegram-ის რამდენიმე არხი (ВЧК.ОГПУ, „დვა მაიორა“ და სხვა) ამტკიცებს, რომ დაღუპული, სავარაუდოდ, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი იყო, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ან სანდო წყაროებიდან ამის დადასტურება არ არსებობს.
უკრაინელმა ბლოგერმა ანატოლი შარიმ, წყაროების მითითების გარეშე, განაცხადა, რომ გარდაცვლილი თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს უფროსი, დამირ დავიდოვია. იმავე ინფორმაციას ავრცელებენ Telegram-არხი ВЧК.ОГПУ, INSIDER UA და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, სერგეი სტერნენკო. „აგენტსტვოს“ ცნობით, დავიდოვი 200 მეტრში ცხოვრობდა იმ შენობიდან, სადაც აფეთქება მოხდა.
„ვაჟნიე ისტორიის" ინფორმაციით, ავტომობილი MW X3 დავიდოვის ვაჟის, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამხედრო აკადემიის სტუდენტის, 20 წლის რაფაილის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანდა. დამირ დავიდოვის პირადი მონაცემები გამოჩნდა უკრაინული პროექტების გვერდებზე, რომლებიც აქვეყნებენ ინფორმაციას რუსეთიდან შეჭრის მონაწილეების შესახებ.
Telegram-ის არხების ცნობით, ავიატოროვის მიკრორაიონში, სხვათა შორის, მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობენ. როგორც „აგენტსტვო“ აღნიშნავს, კოლდუნოვის ქუჩის 10 ნომერში მდებარე სახლი, რომელთანაც აფეთქება მოხდა, თითქმის 350 მეტრში მდებარეობს იმ შენობიდან, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ იაროსლავ მოსკალიკის მანქანა აფეთქდა. ეს 2025 წლის აპრილში მოხდა. მოსკალიკი აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა საგამოძიებო კომიტეტმა არ დააკონკრეტა, რომელი მუხლით.
Mash-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კაცი მანქანის საჭეს მიუჯდა და ჩართო ძრავა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა. Mash-ის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის უკანა ნაწილში იყო დამონტაჟებული და აფეთქებისთანავე საბარგულსა და უკანა სკამებს ცეცხლი გაუჩნდა. მანქანამ რამდენიმე მეტრი გაიარა და Haval-ის მარკის გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. გამვლელებმა მძღოლი მანქანიდან გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მოგვიანებით, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ელექტრომობილი აფეთქდა. საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მის ქვეშ იპოვეს საეჭვო ობიექტი, რომელიც „აფეთქების გზით გააუვნებელყვეს“.
ფორუმი