Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამარის ოლქში შეტევა იყო კომპანია „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

„როსნეფტს“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს სამარის ოლქის ქალაქ სიზრანშიც. ამ ქარხანას უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ შეუტიეს, მათ შორის 2026 მაისშიც.
„როსნეფტს“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს სამარის ოლქის ქალაქ სიზრანშიც. ამ ქარხანას უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ შეუტიეს, მათ შორის 2026 მაისშიც.

10 ივნისს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სამარაში. სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ რეგიონში მოქმედებს უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით „შეტევის საფრთხე".

ქალაქ სამარაში შეაჩერეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. მერის, ივან ნოსკოვის ცნობით, მეტრო ღიაა თავშესაფრად გამოყენების მიზნით.

დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ შეტევა იყო ქალაქ სამარის კუიბიშევის რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. მისი მფლობელია სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტი“.

  • „როსნეფტს“ სამარის ოლქში აქვს სხვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიც ქალაქებში, სიზრანსა და ნოვოკუიბიშევსკში. 2024 წლიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხნებზე შეტევა არაერთხელ მიიტანეს.

განახლება: სამარის ოლქის გუბერნატორმა ფედორიშჩევმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ 10 ივნისს ათეულობით დრონით შეტევის შედეგად რეგიონში სამი ადამიანი დაშავდა და „დაზიანებებია რამდენიმე სამრეწველო საწარმოში“. კონკრეტული საწარმოები გუბერნატორს არ დაუსახელებია.

  • ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაააქტიურეს შეტევა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის საცავებსა და პორტების ტერმინალებზე.
  • მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის მაისში რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინული დრონებით სულ მცირე 30 დარტყმა იყო, რაც ომის დაწყების შემდეგ ერთ თვეში განხორციელებული შეტევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Reuters-ის წყაროთა ინფორმაციით, ამ გაზაფხულზე, უკრაინული დრონებით შეტევების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პრაქტიკულად ყველა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, წარმოება შეეჩერებინა ან შეემცირებინა.





ფორუმი

XS
SM
MD
LG