მოგვიანებით არაერთი რეგიონის ხელისუფლებამ დაადასტურა, როგორც დრონებით, ისე რაკეტებით დარტყმები. ოფიციალურად დასახელებულ რაიონებში სამხედრო და სამრეწველო ობიექტებია.
10 ივნისს დილით ადრე ჩუვაშეთის რესპუბლიკის მეთაურმა ოლეგ ნიკოლაევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ სარაკეტო შეტევა იყო ქალაქ ჩებოქსარიზე და დაშავებულებისა და დაზიანებული ობიექტების რიცხვს ადგენენ.
განახლება: პირველი შეტყობინებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ ნიკოლაევმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დაზუსტებული მონაცემებით, ჩებოქსარიში სამი ადამიანი დაიჭრა.
დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ჩებოქსარიში შეტევა იყო ქარხანა „პროგრესზე“, რომელიც რუსეთის არმიისთვის აწარმოებს სხვადასხვა პროდუქციას.
უკრაინული ტელეგრამ-არხის, Exilenova+-ის ცნობით, ჩებოქსარიზე შეტევა იყო უკრაინული წარმოების რაკეტებით „ფლამინგო".
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქარხანა „პროგრესზე“ სარაკეტო შეტევა მიიტანეს 2026 წლის 5 მაისსაც.
- 2025 წლის ივნისში ქარხანაზე დრონებით დარტყმა იყო.
რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ინფორმაციით, 10 ივნისს დრონებით შეტევა იყო მილეროვოს რაიონში, სადაც „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ხანძარი გაჩნდა „სამოქალაქო ობიექტის“ ტერიტორიაზე მდებარე საწვავის საცავში და საჭირო გახდა ამ ობიექტის მახლობლად მცხოვრებთა ევაკუაცია.
რა ობიექტია ეს გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია. მილეროვოში რამდენიმე საწარმოს გარდა მდებარეობს სამხედრო აეროდრომი.
რუსეთის ვლადიმირის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ავდეევის ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა „ინფრასტრუქტურის ორ ობიექტზე“. კონკრეტული ობიექტები არც ავდეევს დაუსახელებია. რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, ვლადიმირის ოლქში იწვის ნავთობის გადასაქაჩი სადგური „ვტოროვო".
10 ივნისს შეტევა იყო რუსეთის ქალაქ სამარაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც, რომლის მფლობელი სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტია“. სამარის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა მუზეუმ-პანორამას „სევასტოპოლის დაცვა 1854-1855 წლებში“.
უკრაინას რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმზე დრონებით და რაკეტებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
განახლება: 10 ივნისს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისა და მათი მოგერიების შესახებ განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, 9 ივნისის საღამოს რვიდან 10 ივნისის დილის შვიდ საათამდე რუსეთის ცხრამეტ რეგიონში, ყირიმში და შავი ზღვის თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 326 უკრაინული დრონი. რუსეთის 19 რეგიონის ჩამონათვალში არიან სამარის და როსტოვის ოლქები, მაგრამ არ არის ვლადიმირის ოლქი, რომლის ხელისუფლება, დანარჩენების მსგავსად, იუწყებოდა დრონებით შეტევის შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობას.
ფორუმი